08.სექტემბერი .2020 17:03

ფინანსისტი - "უცხოური ინვესტიციების 0,5%-იანი ზრდა საამაყო არ არის"

views 272
უკან

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ინვესტიციები არ შემოდის, - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მონაცემებს, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა.

„თუკი მთავრობიდან ვინმე ფიქრობს, რომ მეორე კვარტალში 0,5%-იანი მატება კმაყოფილების საფუძველია, ეს უკვე პრობლემაა. საამაყო ამაში არაფერი არ არის, იმდენად მცირე ციფრებზე ჩამოვედით, რომ ერთი ტრანზაქცია უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და შესაძლოა, ერთი ტრანზაქციით მინიმალური ზრდა დაწერო. ფაქტია, რომ ტენდენციას უნდა შევხედოთ და არა ერთ კვარტალს. ორი კვარტლის ჯამში აშკარაა მკვეთრი დაცემის ტენდენცია და ეს ტენდენცია უკვე წლებია ასეა. ასე იყო იქამდეც, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ამასთან, ფინანსისტი ამბობს, რომ პროგნოზი არ არის კარგი, რადგან FDI-ს კლებას ფუნდამენტური მიზეზები აქვს და ეს მიზეზები არც ისე ცოტაა.

„ხელისუფლებას ჰყავს დამორჩილებული სასამართლო. დიდი ბიზნესების ბედს წყვეტს ერთი ადამიანი და ამ ყველაფრის ფონზე დიდ ინვესტიციებს არ უნდა ველოდოთ. გვაქვს არაგამჭვირვალე ბიზნეს-გარემო, გვყავს მარეგულირებელი, რომელიც აბსოლუტურ დრაკონულ კანონებს იღებს და პარლამენტი ამ ყველაფერს ერთ ღამეში უსვამს ბეჭედს. უკვე იმდენი მაგალითია, რომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის მძიმე და ინვესტიციებიც არ შემოდის“, - აღნიშნა მან.

ბედინეიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია, მართვის ამ სისტემაში გვქონდეს ინვესტიციების ზრდა, რადგან ეს ორი რამ შეუთავსდებელია ინვესტიციებისთვის.

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში 0.5%-ით გაიზარდა.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა