მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი: ეკონომიკური კუთხით 2019 წელი ისეთივე იყო, როგორიც წინა 8-9 წელი-ნელ-თბილი

5e0b0f8c8b615
ინგა მურუსიძე
31.12.19 14:00
1655
"ეკონომიკური კუთხით 2019 წელი, დაახლოებით, ისეთივე იყო, როგორიც წინა 8-9 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ BM.GE-ის ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა 2019 წლის შეფასებისას განუცხადა.

„ეკონომიკური კუთხით 2019 წელი, დაახლოებით, ისეთივე იყო, როგორიც წინა 8-9 წლის განმავლობაში - ნელ-თბილი. არსებული ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ ვიღაცას დავეწიოთ, საჭიროა 8%-9%-იანი ზრდა მინიმუმ, თუ არა - ორნიშნა. ეს დაგვჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცას დავეწიოთ. საშუალო ზრდა ჩვენთვის იყო 4-5%, რაც სრულიად არ იყო საკმარისი, ამას ერთვის ლარის სისუსტე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მოსახლეობაში შეგრძნებას, რომ მათი კეთილდღეობა არათუ იზრდება, არამედ უარესდება. დოლარებში რომ შევხედოთ, ახლა საქართველოს მთლიანი ეკონომიკა ზომით ისეთივეა, როგორიც იყო 2012 -2013 წლებში. მე ამას დავარქმევდი დაკარგულ 8 წელს. ერთ ადგილს ვტკეპნით წინსვლის ნაცვლად. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური რეფორმები გატარდეს, ინერციული ზრდა გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ის, ვისაც ევალება ამაზე ზრუნვა, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტი 2019 წელს მამუკა ბახტაძის წლად აფასებს და მის დროს მიღებულ რეგულაციებს კატასტროფულს უწოდებს.

„მიმდინარე წელს საბანკო რეგულაციებმა მოგვცა კატასტროფა. 2019 წელი იყო ბახტაძის წელი, ხოლო მისი ხედვები იყო კატასტროფა. ჭარბავლიანობაზე საუბრობდა, თანამოაზრე იპოვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სახით და მიიღო დამანგრეველი გადაწყვეტილებები ეკონომიკისთვის. ცუდის მეტი არაფერი მოუტიანია ამას და ეს მავნებლობები გრძელდება. ყველაფერი ეკონომიკას დაარტყამს, ეს ურტყამს მოსახლეობის ნაწილს. ანუ ჩვენ გვყავს მავნებლური, ელიტური მთავრობა, რომელიც იმაზე ფიქრობს, თუ რა უნდა ვერა-ვაკეში ხალხს, და იმის იქით არ აინტერესებთ რა ხდება ქვეყანაში. პოპულისტობენ და ვითომ გარემოს დაცვაზე გულისტკივილით აჩერებენ ეკონომიკას, ხოლო გაჩერებული ეკონომიკა გამოიწვევს დაბინძურებულ ჰაერს. სუფთა ჰაერი არის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში და ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ჰაერი დასუფთავდეს, ამისთვის რეგულაციების მიღება გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დაბინძურდება ჰაერი“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

რაც შეეხება რჩევებს, ფინანსისტი ამბობს, რომ ის ურჩევს არა მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს, რომ „ეს მთავრობა შეცვალოს“.

„ადრე ყოველთვის ვურჩევდი მთავრობას, რომ რაღაცა კონკრეტული ცვლილებები შეეტანა ეკონომიკურ პოლიტიკაში, ლაპარაკია გადასახადების დაწევაზე, რეგულაციების შემცირებაზე, მაგრამ იმის შემხედვარე, რაც ბოლო წლის განმავლობაში ხდება, მე მგონია, რომ აზრი არ აქვს რჩევის მიცემას, ამიტომ მთავრობას არ მივცემდი რჩევას, რჩევას მივცემდი ქართველ ხალხს, რომ შეცვალოს ეს მთავრობა, რადგან ამათ ხელში რაიმე გარღვევა ეკონომიკურ განვითარებაში ვერ გვექნება. მთავრობის ეს შემადგენლობა, მიუხედავად იმისა, ვინ არის ან იქნება პრემიერ-მინისტრი, ვერ შეძლებს ინტელექტუალურად მხარი დაუჭიროს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ფაქტია, რომ დავბრუნდით დროში, როცა ვლაპარაკობთ, რომ სოფლად ექიმებს და ექთნებს გამოუყო მთავრობამ ხელფასი - 300 ლარი. მე არ ვიცი რამდენად შეძლებს ეს მთავრობა რაიმეს გაკეთებას და ალბთ ამასთან არის კავშირში ისიც, რომ მთელი უმრავლესობის ერთგულება მიდის ბიძინა ივანიშვილისკენ და არა - ქართველი ხალხისკენ, ხოლო ივანიშვილს აწყობს სიტუაცია, როცა ინვესტიციები შემცირებულია, ბიზნესი კონტროლდება და ივანიშვილს ეს ყველაფერი ისე აქვს მოწყობილი, რომ მას და მის ირგვლივ მყოფ რამდენიმე ოლიგარქს ჰქონდეს სრული კონტროლი ეკონომიკაზე იმის შიშით, რომ ფული არ წავიდეს ოპოზიციაში და ა.შ. სერიოზული ინვესტორები ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებენ, რადგან ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი“, - განაცხადა ფინანსისტმა.