10.სექტემბერი .2019 16:40

ფინანსისტი FDI-ის კლებაზე: ინვესტორები საქართველოს მიმართ სერიოზულად "გაციებულები" არიან

views 395
უკან

„FDI-ს კლების მთავარი მიზეზი ისევ და ისევ არის ის მოდელი, რომელიც საქართველოში გვაქვს,“ -  ასე აფასებს BM.GE-ისთან ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოში მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53.7%-ით კლებას.

ფინანსისტის განცხადებით, დღეს ინვესტორებს საქართველო საინტერესო ქვეყნად არ მიაჩნიათ.  

„ამ ხნის განმავლობაში 2006 წელთან შედარებით, ბუნებრივია, ქართული ეკონომიკა, ჯამში, თუნდაც დოლარის გამოხატულებაში მკვეთრად გაზრდილია. უფრო დიდი ეკონომიკა გვაქვს და კიდევ უფრო მცირე უცხოური ინვესტიციები ანუ კატასტროფული მდგომარეობაა. ეს არ შეიძლება აიხსნას არაფრით გარდა იმისა, რომ ინვესტორები სერიოზულად გაციებულები არიან საქართველოს მიმართ ხედავენ, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ენთუზიაზმს, დამაჯერებლობას და ნდობას იწვევს. ამიტომ, ძალიან ბევრ ინვესტორს საქართველო დღეს ინვესტიციისთვის საინტერესო ქვეყნად არ მიაჩნია",- განაცხადა ბედინეიშვილმა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში შემომსვლელი უცხოელი ინვესტორები მთავრობის მიერ სახელმწიფოს მართვის მოდელსაც აქცევენ ყურადღებას.  

„FDI-ის კლების მთავარი მიზეზი ისევ და ისევ არის ის მოდელი, რომელიც საქართველოში გვაქვს. ინვესტორები ანალიზს უკეთებენ საქართველოს და ხედავენ, რომ საქართველოში დღეს გვაქვს არა მარტო ოლიგარქიული მოდელი, არამედ ცუდი გაგებით საკმაოდ უნიკალური მართვის მოდელი, როდესაც ერთი მდიდარი ადამიანი მთლიანად აკონტროლებს და მართავს მთავრობას, პარლამენტს და ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტები ჯიბეში ჰყავს. ქვეყანაში კატასტროფული გარემოა ინვესტიციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ პირველი კითხვა არის - თუ შენ ბიზნესს დაიწყებ საქართველოში შენმა კონკურენტებმა მთავრობასთან სიახლოვის გამო არ დაგჩაგრონ", - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა