მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები სახელმწიფო საწარმოების თანაბარი აქციონერები გახდებიან

641c14d111ae1
ინგა მურუსიძე
23.03.23 13:00
909
წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც. საწარმოების აქციონერები თანაბრად გახდებიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, რაც დააბალანსებს კომპანიების მართვაში დარგობრივ და ფინანსურ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოხსენებაში წერია, რომელსაც ის ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგენს.

მოხსნებაში სახელმწიფო საწარმოების შესახებ წერია, რომ ეს სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, მათი რესურსი არასაკმარისადაა რეალიზებული, რაც წლების განმავლობაში გამოიხატებოდა ამ საწარმოების მიერ განცდილ ფინანსურ ზარალსა და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტზე დამოკიდებულებაში.

„რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ეს საწარმოები გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ბიუჯეტსა და ეკონომიკაში დადებითი წვლილის შემტანი. 2022 წელი სახელმწიფო საწარმოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით, მსხვილმა საწარმოებმა, დადებითი შედეგებით დახურეს, თუმცა განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ფინანსური სიჯანსაღისა და რისკიანობის თვალსაზრისით, გამოწვევები მნიშვნელოვანია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ეკონომიკური შოკებისას.

საქართველოს მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ჩართულია ჩვენი პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. აღნიშნული რეფორმა, აგრეთვე წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილს.

რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, რომლებშიც რეფორმის ელემენტების დანერგვა წელსვე დაიწყება. ეს საწარმოებია: საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და აეროპორტების გაერთიანება.

გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრო განისაზღვრა უმსხვილესი 7 სახელმწიფო საწარმოს ფინანსურ ზედამხედველად, რომლის ფარგლებშიც, ფინანსთა სამინისტრო დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, ითანხმებს კომპანიების საშუალოვადიან ფინანსურ გეგმებსა და
მსხვილ ინვესტიციებს.

რეფორმის სტრატეგიის თანახმად, წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც. საწარმოების აქციონერები თანაბრად გახდებიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, რაც დააბალანსებს კომპანიების მართვაში დარგობრივ და ფინანსურ ინტერესებს“, - წერია მოხსენებაში.

ლაშა ხუციშვილს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.