მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი - ტელევიზიების ძველ ვალებთან დაკავშირებით პროცესი გაიწელა

5e3bc96e30439
ინგა მურუსიძე
06.02.20 12:05
957
ფინანსთა მინისტრი~ ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ტელევიზიების ძველ ვალებთან დაკავშირებით პროცესი გაიწელა.

BM.GE დაინტერესდა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები ტელევიზიებთან მილიონებიანი დავალიანებების გადანაწილებასთან დაკავშირებით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, რომ რაც კი 1 ოქტომბრის შემდგომ გადასახადი აქვთ, გადაიხადონ, რათა სამომავლოდ არ ხდებოდეს ამ ვალების დაგროვება. მეორე ნაწილი იყო ის, თუ რას ვუშვრებოდით ძველ ვალებს. გეთანხმებით, ძველ ვალებთან დაკავშირებით პროცესი გაიწელა, რადგან მართლა ძნელი იყო შეთანხმება იმ ვადებზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით, თუმცა მათი შემოთავაზებული ვადებიც გრძლად მოგვეჩვენა. ვადები სხვადასხვა იყო და მათ შორის 10-მა წელმაც გაიჟღერა, თუმცა ახლა ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის საათის დროს(პარლამენტში), უკვე მეცოდინება ზუსტი შეთანხმების პირობები და იქ გავაჟღერებ, მაგრამ ის პირობა, რომ ვალი არავის უნდა დაგროვდეს, ძალაში რჩება. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრიდან სერიოზულ თანხას ველოდებით“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, იგივე არის „ეროვნული მულტიპლექსის“(„სტერეო+“) შემთხვევაშიც. კითხვაზე, რამდენად გამოიწვევს არხის გაჩერებას ანგარიშებზე დადებული ინკასო, მაჭავარიანი ამბობს, რომ „მის გაჩერებას არ გამოიწვევს“.

„თუ სწორად მახსოვს, 1 ოქტომბრის შემდეგ მათ დაახლოებით 204 ათასი ლარით აქვთ გაზრდილი დავალიანება. ამ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ინკასო მოეხსნებათ, ხოლო ძველ დავალიანებაზე იქნება ის მიდგომა, რაც სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიები – "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" 2016 წლის შემდგომ გადასახადებს არ იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "იმედს" ბიუჯეტის წინაშე 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი 28 მილიონი ლარი მართებს. ჯამში ვალი 55 მილიონს შეადგენს. აღნიშნულ ტელევიზიებთან ვალების გადანაწილებაზე ტელევიზიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ივანე მაჭავარიანი მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის წინაშე 18-21 თებერვალს წარსდგება.