13.სექტემბერი .2019 10:58

ფინანსთა მინისტრი: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა

views 405
უკან

ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ასე ეხმაურება ის საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელზეც მან დეტალურად გუშინ ისაუბრა და გაიხსენა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი შეხვედრის დეტალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ბიზნესმენ რომან ფიფიასა და მაშინელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანდასწრებით გაიმართა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეს ყველაზე თავისუფალი გარემოა ბიზნესისთვის და ამას არ ამბობს იმის გამო, რომ ის მთავრობის წევრია.

“მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია. აქედან 22 წელია ვარ ბიზნესში, ერთი წელია ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მეხსიერებაშია, არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ... რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასეთი თავისუფალი არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ არა, რომ მთავრობის წევრი ვარ: შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არ ვიყო. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს. ეს არის ფაქტი: იქნება გამონაკლისი?ვიღაცას რამე პრობლემა აქვს...გამოიტანონ სააშკარაოზე და ვილაპარაკოთ”,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა