24.მარტი .2022 16:28

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
views 580
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, მაჩიე ჩურას შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის დინამიკას.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

დადებითად შეფასდა EIB-ის ჩართულობა კერძო სექტორის ოპერაციებში, რადგან კერძო სექტორი არის ზრდის, დასაქმებისა და ინოვაციების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ასევე, ხაზი გაესვა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება-გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, EIB-სთან თანამშრომლობა გამორჩეულია, არა მხოლოდ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერის, არამედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

აღინიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, გააგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა.

შეხვედრაზე თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გამოთქვა სრული მზაობა საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა სახელმწიფო სექტორში განახორციელა 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო დახმარების საერთო მოცულობა კერძო სექტორის ჩათვლით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2, 04 მილიარდი ევროა. დახმარების ამ მოცულობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა