27.სექტემბერი .2019 17:14

ფინანსთა მინისტრი: ლარი არა მარტო დასტაბილურდება, წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს

views 532
უკან

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა – დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას.

როდესაც ამას ვამბობთ, ყველა ელოდება, რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა ლარის გაუფასურებას ხელს არ უწყობს.

„ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია“, – აღნიშნა მან და ამ თვალსაზრისით რუსეთის ავიასანქციები და ამ მიმართულებით 200-300 მილიონის დანაკლისის მოლოდინი დაასახელა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ხვალიდან 1 აშშ დოლარი 2.9808 ლარი ეღირება. შესაბამისად, ლარი დაახლოებით 2.5 თეთრით გამყარდა.

ევროსთან მიმართებით კი ლარი თითქმის 3 თეთრით, 3.2571 ლარამდე გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა