მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: „ლარის მკვეთრი მერყეობები ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს“

607949c48688f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 13:00
635
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პარალელურად ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის პერსპექტივა დიდია, რაც ლარის მკვეთრ მერყეობებს გამორიცხავს. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კურსთან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვანია და რომელზეც დამოკიდებულია რა მოლოდინები უნდა იყოს: პირველ რიგშია ფუნდამენტური და მაკროეკონომიკური ფაქტორები - ფულადი გადმორიცხვები, რომელიც საკმაოდ გაზრდილია; ექსპორტი, რომელიც გასულ თვეს საკმაოდ გაიზარდა; ტურიზმის მიმართულება, რომელიც გარკვეულწილად პანდემიის მართვაზეა დამოკიდებული. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პროცესია. ვაქცინაცია საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გარკვეული სირთულეებით დაიწყო.

თუმცა არის მოლოდინი, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება, რაც დღეს ეკონომიკის გახსნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია და ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სრულ გახსნას, ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას, მნიშნელოვან აღდგენას მომდევნო წელს. ყველა ეს ფაქტორი ჯამში გვაძლევს იმის მოლოდინს და იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ლარის მკვეთრი მერყეობები ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სებ-ი ამას არა ლარის გაუფასურების გამო, არამედ საკუთარი სტრატეგიის მიხედვით ახორციელებს, რაც ინფლაციის ტარგეტირებას უწყობს ხელს.

„როდესაც საუბარია ინტერვენციაზე, აქ მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს წინასწარ აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება და მას აქვს გათვლები, რა ოდენობით შეიძლება იყოს საჭირო ასეთი ტიპის ინტერვენცია და ის დამოუკიდებელია იმაში, როდის შეიძლება განახორციელოს ეს ინტერვენცია. შესაბამისად ეს არ ხდება იმისთვის, რომ კონკრეტულ პერიოდში ლარის კურსის კორექტირება განხორციელდეს. ეს არის იმის ნაწილი, რაც გულისხმობს ინფლაციის ტარგეტირებას და ასევე მკვეთრი რყევებიდან თავის არიდებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა.