მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ონლაინთამაშების კომპანიების დაბეგვრის ფორმულას განმარტავს

61ade94119a5f
BM.GE
06.12.21 13:33
1261
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განმრატა, თუ რა პრინციპით დაიბეგრებიან ონლაინთამაშების კომპანიები. მისი თქმით, დღეს ეს კომპანიები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი კომპანია არის მოგებაზე და ის ამ მოგებას მესაკუთრეებზე ანაწილებს, განაწილებული თანხის 15% იბეგრება გადასახადით.

თუმცა, შეცვლილი წესის მიხედვით, დაიბეგრება ამ კომპანიების არა მოგება, არამედ მიღებული შემოსავალი. მიღებულ შემოსავალს ამ სფეროში GGR ეწოდება და ის კომპანიის მიერ ფსონების სახით მიღებულ შემოსავალსა და მოგების სახით გაცემულ ფულს შორის სხვაობას წარმოადგენს. მაგალითად, თუკი პერიოდის განმავლობაში ფირმამ მიიღო 500 მილიონი ლარის შემოსავალი და მოგებად გასცა 250 მილიონი ლარი, მისი GGR არის 250 მილიონი ლარი და სწორედ ამ თანხის 10%-ის ოდენობის, ანუ 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიები GGR-ის შინაარსს კარგად იცნობენ და ეს მათთვის უცხო ტერმინი არაა.

“არცერთი კომპანიისთვის არაა უცხო, რა არის GGR, მაგრამ იმ სისტემით, რაც ამოქმედდა გვაძლევს ამ მონაცემს და შესაბამისად, ამის დაბეგვრა გაურკვეველი ვერ იქნება, რადგანაც არაერთ ქვეყანაში ოპერირებენ, რომლებიც აქ ფუნქციონირებენ და ყველგან GGR-ით იბეგრებიან.

მაგალითად, თუ მთლიანი შემოსავალი ოპერატორს ჰქონდა 100 ლარი და ამ 100 ლარიდან გასცა 30 ლარის მოგება, ესე იგი 70 ლარი არის სხვაობა და ანუ GGR და ამის 10%-ს ანუ 7 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტში.

არის ქვეყნები, სადაც განაკვეთი 10%-ზე მაღალია. 70%-მდე გაზრდა ნიშნავს, ამდენად უნდა გაიზარდოს და არა 70%-მდე. როდესაც ვადარებთ, საიდან სად იზრდება, ვიღებთ 65%-70%-ის ზრდას. დღეს ეს კომპანიები იხდიან განაწილებული მოგების გადასახადს, ანუ თუ გაანაწილეს მოგება, იქიდან იხდიან 15%-ს”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მთავრობის ინფორმაციით, პარლამენტში აზარტული თამაშების სექტორის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე კვირაში შევა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ის ვერ მიიღებს სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები მოულოდნელად დაანონსდა, თუმცა ფაქტია, რომ თავად სექტორის განცხადებით, მათ ახალი რეგულაციების შესახებ მხოლოდ 2 კვირის წინ, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან შეიტყვეს.

“წინასწარ არ იყვნენ საქმის კურსში, ეს რას ნიშნავს? კომპიუტერში რომ ტექსტი აიკრიფება, სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს იქ და უყურებდეს? კანონპროექტი ჯერ ინიცირებულიც არაა, შესაბამისად, არ ვიღებთ ამ პრეტენზიებს.

არის შეხვედრებიც მათთან და არის საჯარო განხილვების ნაწილიც, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ასეთი განხილვები ხორციელდება.

რაც შეეხება შემოსავლებს, იცით, რომ საგადასახადო შემოსავლის გარდა არის სხვა ნაწილიც, რომელიც რეგულაციებს აწესებს ეს არის სოცდაუცველების ნაწილში, საჯარო მოხელეების ნაწილში და 25 წლამდე პირებში.

სოცდაუცველს რომ ეხმარება სახელმწიფო და ის ტოტალიზატორში მიდის, ეს არაა ჩვენი მიზანი. მეორე ნაწილია საჯარო მოხელეები, რომელთაც შინაგანაწესით ეზღუდებათ ასეთი ტიპის საქმიანობა, თუმცა მოხდება ამის კანონმდებლობის დონეზე ატანა.

ეს შეზღუდვები შეამცირებს შემოსავლებს. თუმცა საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც იქნა წარმოდგენილი, დააბალანსებს ამ შემცირებას და შესაბამისად არ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლებში შემცირებული იქნება საგადასახადო შემოსავლები ამ მიმართულებით”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.