მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი მილიარდ 700 მლნ ლარს მიაღწევს

60c35993d2ab9
ინგა მურუსიძე
11.06.21 17:15
610
წლის ბოლომდე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც 1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ რეჟიმში გადასვლა.

„გასულ წელს, ჩვენ მილიარდზე მეტი ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, მათ შორის 400 მილიონ ლარამდე დამატებითი თანხის დაბრუნება სწორედ პანდემიის საპასუხოდ განხორციელდა. გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის 5 თვეში, თითქმის გაორმაგებული გვაქვს დაბრუნების მაჩვენებელი, რომელმაც 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო და იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დღგ-ის დაბრუნებას მზარდი ტენდენცია ჰქონდა, გასულ წელს ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო. ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, მყისიერად ჰქონოდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლის დაბრუნებაც წინა წლებში ხანგრძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და რეალურად, კერძო სექტორისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, დღგ-ის ზედმეტობის დაგროვება, ძირითადად, ხორციელდება ექსპორტიორ, ან ისეთ კომპანიებში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ. პანდემიურ პერიოდში მსგავსი კომპანიებისთვის ფინანსებზე სწრაფი წვდომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.