მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარის კურსი 7-8%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული

5d9344650df0a
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.19 16:46
988
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა მიიჩნევს, რომ ლარის კურსი 7-8%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული. მისი შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურების გამომწვევ მიზეზად ფუნდამენტური ფაქტორები - მშპ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ვერ მოგვევლინება, რამდენადაც ისინი სტაბილურია.

ნიკო გაგუა მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაჭარბებული რეაქცია ბაზარზე, რისი მიზეზიც შეიძლება ლარისადმი დაბალი ნდობა იყოს, რომელიც თავის მხრივ სოციალურმა თუ პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა.

“მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, ის არის უფრო მაღალი, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია და ამიტომ არ შეიძლება, ფუნდამენტური პარამეტრების ნეგატიურ ფაქტორებზე ვისაუბროთ.

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ საქმე გვაქვს გადაჭარბებულ რეაქციასთან, რომელიც ბაზრებზე არსებობს. ეს გადაჭარბებული რეაქცია არის 7-8%-ის ფარგლებში. ასეთი გადახრა წონასწორული კურსისგან საკმაოდ ხშირად ხდება. აღნიშნული გადახრა ხდება ყოველწლიურად და ყოველწლიურად კურსი უბრუნდება ნორმალურ დონეს. ჩვენი ვარაუდია, რომ კურსი აუცილებლად დაუბრუნდება მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულს.

დღეს ერთადერთი ნეგატიური მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს არის სავალუტო კურსი - ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ყველა ძირითაფდი ფაქტორი არის სტაბილური და პოზიტიური. ჩვენ საქმე გვაქვს იმ გარემოებასთან, რასაც ჰქვია გადაჭარბებული რეაქცია.

თუმცა, 7-8%-იანი გადაჭარბება საკმაოდ მაღალია, ალბათ ეს სტრუქტურული პრობლემაა, ვგულისხმობ ლარისადმი ნდობას. ნდობა ბოლო პერიოდში შერყეული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად გაუფასურდა დოლარი და აქედან გამომდინარე ეს ფაქტორი გაძლიერდა.

მე ვერ გეტყვით, რომ ან ვინმემ ინტერვენცია დააკლო, ან რაიმე არასწორი ქმედება მოხდა მაკროეკონომიკურად, რომელმაც ეს გამოიწვია. ხშირად ხდება ასეთი გადახრები, რომლის ბიძგად პოლიტიკური ან სოციალური გარემოებები გვევლინება, რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში რუსეთის ემბარგომ იმოქმედა ბიძგის ეფექტად”,- განაცხადა ნიკო გაგუამ.