24.აპრილი .2020 17:40

ფინანსთა მინისტრმა აშშ-ში $1200-იანი დახმარება 1200 ლარიან პაკეტს შეადარა - რატომ?

views 1178
უკან

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა ეკონომიკის სიმცირე რომ იყო, ეს დღეს გავიგეთ, კორონავირუსის დროს?!" - ამ კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლის შეფასებით, წარმოდგენილი  ანტიკრიზისული გეგმით ხელისუფლება მოსახლეობას შიმშილისთვის სწირავს და ამავდროულად, მათ აზრით, დახმარების 6-თვიანი პაკეტი, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

მინისტრის თქმით, 1200-ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილებისთვის ბევრი არ არის, თუმცა არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ კომპენსაციას არ აქვს ის საფუძველი, რომ სრული დანაკარგი ანაზღაურდეს.

მაჭავარიანის თქმით, ეს კომპენსაციები არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს იმიტომ, რომ მოუწია სახლში ჯდომა.

„მაგალითად, ამერიკაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგონ ერთჯერადად მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული შემოსავლის ზღვარს აკმაყოფილებს. ჩვენთან შედარებით, მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების პარიტეტი შევადაროთ, პრაქტიკულად, იგივეს ვიძლევით. ამ კუთხით ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს. იმასთან შედარებით, თუ რა ზომის ეკონომიკა გვაქვს და რა - შესაძლებლობები. არის მეორე საკითხი - შეიძლება მეორენაირად დავთვალოთ, მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტს ვიძლევით ჩვენ და რას იძლევიან ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნები.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ეკონომიკის სიმცირე იყო, ეს დღეს გავიგეთ?! კორონავირუსის დროს?! ასე უნდა შევხედოთ. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, როგორი ეკონომიკაც გვაქვს, ვაკეთებთ მაქსიმუმს თუ - არა? მე თქვენ გეუბნებით - ეს მაქსიმუმია. გასაგებია, რომ ჩვენს მოსახლეობას, პირველ რიგში, დახმარება აინტერესებს, მაგრამ ჯამურად, წლის ბოლოს ვნახავთ, რა პაკეტი გვქონდა ჩვენ, რა ზომის დაფინანსება მოვიპოვეთ და მერე შევადაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად უნდა შევედაროთ. თვალნათლივ გამოჩნდება, რომ მაქსიმალურ რესურსსაც მოვიზიდავთ და მაქსიმალურად მსხვილი და სოლიდური პაკეტი გვაქვს დახმარებების“, - განაცხადა მაჭავარიანმა.