მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ $500-მილიონიანი ვალი საქართველომ გასულ კვირაში დაფარა

607405b863d7d
ინგა მურუსიძე
12.04.21 12:29
6047
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ევრობონდების $500-მილიონიანი ვალი გასულ კვირაში დაიფარა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, "ტრანზაქცია წინა კვირაში განხორციელდა".

"როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავამტკიცეთ, ამაზე მაშინაც ვისაუბრეთ. ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება. ვალის დაფარვა უკვე მოხდა. ტრანზაქცია გასულ კვირაში განხორციელდა და შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

რაც შეეხება ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას, შესაბამისი პროცედურები განხორციელება. ვფიქრობთ, კვირის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული ინვესტორები, ვინც შეისყიდიან ჩვენს აქციებს და მომდევნო კვირაში განხორციელდება ტრანზაქცია, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საქმე ისაა, რომ დღეს იყო ბოლო ვადა, როცა საქართველოს მთავრობას10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი უნდა დაეფარა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ $500 მილიონიანი ვალის დაფარვის საქმის კურსში, სავარაუდოდ, არ იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რადგან რამდენიმე საათის წინ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ევრობონდები დღეს დაიფარებოდა. 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულ მხარეებს ქართული საინვესტიციო ბანკები Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი წარმოადგენენ.