მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო კომპანიების ვალს ითვლის

6356664d860a4
შოთა ტყეშელაშვილი
24.10.22 14:26
621
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტრო მუნიციპალური სახელმწიფო კომპანიების ვალის დათვლით არის დაკავებული. საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ძირითადად საბიუჯეტო სუბსიდიით ფუნქციონირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ამ კომპანიების ვალი სტატისტიკურად სამთავრობო სექტორის ვალად უნდა აღირიცხოს, სწორედ ამიტომ ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მათი ვალის დათვლით არის დაკავებული.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ამ კომპანიების ვალი მშპ-ის დაახლოებით 0.4 პროცენტს, ანუ დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს.

“არიან ისეთი სახელმწიფო შპს-ები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული. ასეთია დასუფთავების შპს-ები, სატრანსპორტო კომპანიები და ასე შემდეგ, რომელიც მუნიციპალიტეტებში ბევრია. ასეთ შპს-ებს დეფიციტი როგორც წესი იშვიათად აქვთ, რადგანაც შემოსავლებში სუბსიდირების დიდი კომპონენტი აქვთ, თუმცა დაგროვილი აქვთ ვალდებულებები. ეს ვალის ნაწილში არის დაახლოებით 0.4 პროცენტია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ეს ვალი იმიტომ არ არის ასახული ბიუჯეტში. ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში, რომელიც შემოვა 30 ნოემბერს, ეს რიცხვი ასახული იქნება. უკვე ვიცით, რომ მშპ-ის 0.4 პროცენტი მათი ვალდებულებებია. ამას ამჟამად გავდივართ თითოეული შპს-ის მიხედვით, რათა წარმოვადგინოთ,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 38.9% იქნება, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ამას მუნიციპალური კომპანიების ვალის მაჩვენებელი დაემატება, ეს რიცხვი მშპ-ის 39.3%-მდე გაიზრდება.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 148 სახელმწიფო კომპანიის ვალი ჯამურად 9.5 მილიარდ ლარს შეადგენს.