მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობს - 5 სვეტი

5f774ec738f11
თელარა გელანტია
02.10.20 23:15
1398
2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მთავრობის ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი საპარტნიორო ფონდია მისი მონაწილეობით შექმნილი 28 საწარმოთი, 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.

აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია მოცემული, რომელიც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტს ერთვის.

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდანვე ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და გრძელდება მუშაობა.

რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოებს აქვთ პოტენციალი გახდნენ უფრო მეტად ეფექტიანები. კონკრეტული საპროგნოზო რიცხვიცაა მოყვანილი სხვადასხვა გათვლებით ანუ თუ ეფექტიანები იქნებიან, შეიძლება მათი წმინდა მოგება წლიურად საშუალოდ 300-500 მილიონი ლარი იყოს.

დოკუმენტში მიმდინარე პრობლემებზეც არის სუბარი:

„დღეისათვის სახელმწიფო საწარმოთა მართვა ხორციელდება დარგობრივი პოლიტიკის გამტარებელი უწყებების მიერ, თუმცა, სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ მოქმედებს როგორც აქციონერი, რომლის უპირველესი მიზანია საწარმოს მოგების მაქსიმიზაცია. აქციონერის ფუნქციის არარსებობის პირობებში, მივდივართ არაეფექტურ გადაწყვეტილებებამდე, რაც უკვე სახეზე გვაქვს საწრმოთა ფინანსური შედეგების სახით. დარგობრივი სამინისტროს მიერ იმავე დარგის საწარმოს ფლობა მიჩნეულია ცუდ პრაქტიკად სხვადასხვა დონეზე არსებული ინტერესთა კონფლიქტის გამო. მაგალითისთვის, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საწარმოების ფლობა არღვევს კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპებს. რეფორმის არსი მდგომარეობს სახელმწიფოს როგორც რეგულატორის/აქციონერის როლის გაჩენაში. ვთვლით, რომ სწორედ ამ რგოლის არარსებობაა სახელმწიფო საწარმოთა არაეფექტურობის მთავარი მიზეზი”, - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 5 სვეტს ეყრდნობა:

1. საწარმოთა კომერციალიზაცია

სახელმწიფო საწარმოთა უპირველეს ამოცანად განისაზღვრება მოგებაზე ორიენტირებულობა;

შეიზღუდება მათი ჩართვა სოციალურ და არამომგებიან პროექტებში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული იქნება სრულად და გამჭვირვალედ კომპენსირებული;

2. საწარმოებში დაინერგება კორპორაციული მართვის სტანდარტები OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით

გაიმიჯნება სახელმწიფოს, როგორც აქციონერისა და კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების როლები, ისე, რომ საბჭომ იმოქმედოს აქციონერის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;

დარეგულირდება საწარმოებში დასაქმების და ანაზღაურების პოლიტიკა.

3. განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა

შეფასდება სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ სექტორში საწარმო(ები)ს ფლობის შენარჩუნების საჭიროება;

შეფასდება საწარმოს არასრულად ფლობის რაციონალურობა, მაგ. 100%-ის ნაცვლად 50%.

4. სახელმწიფო დაიწყებს საწარმოთა სტრატეგიულ მართვას;

საწარმოებს დაუწესდებათ მიზნობრივი ფინანსური და არაფინანსური KPIები;

ფისკალური რისკების იდენტიფიცირებიდან, ანალიზიდან და რეპორტინგიდან, ფინანსთა სამინისტრო გადავა ფისკალური რისკების მართვასა და თავიდან აცილებაზე;

შესრულების მაჩვენებლები კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის გახდება სანქციების/წახალისების საფუძველი;

5. გაანალიზდება და შემუშავდება ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად 

სახელმწიფოს მიერ საწარმოს ფლობა არ უნდა ანიჭებდეს კომპანიას რაიმე სახის უპირატესობას, ან პირიქით;

თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორის კომპანია იქნება უფრო ეფექტური, სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს ბაზარზე კერძო სექტორის შემოსვლის შემაკავებელი მექანიზმები.

ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტში სახელმწიფო რეფორმირების დასრულების ვადები მითითებული არაა, მაგრამ წერია, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, საწარმოების აქციონერის/რეგულატორის ფუნქციებს ასრულებს ერთი ცენტრალური ორგანო და ასეთ უწყებად ქვეყნების დიდ ნაწილში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვედეთი და სხვ.) განსაზღვრულია ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფისკალურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ორგანო.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა გადაცემა "ანალიტიკას" წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში თქვა, რომ შემდეგი პროგრამის ერთ-ერთი აქცენტი აუცილებლად იქნება სახელმწიფო საწარმოები და მათი ეფექტიანობას ჯერ ბოლომდე შესწავლა და შემდეგ - მართვა.