მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მდგრადობის ანალიზი წარადგინა

5ef1f265b7e39
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.20 20:20
1264
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის - 6.983 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ვალის აღებას გეგმავს, ხოლო ვალის ნიშნული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 54%-ს მიაღწევს. ამას ბიუჯეტის განახლებული პროექტი ითვალისწინებს.

დღეს ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის კორექტირების განახლებული ვერსია წარადგინა, რომელსაც პირველ მოსმენაზე წარდგენილი დოკუმენტისგან განსხვავებით, ვალის მდგრადობის ანალიზიც ახლავს. დოკუმენტში შეფასებულია ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც მომდევნო წლებში ვალის გაზრდილ დონეზე მოახდენს გავლენას. ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ არჩეული გეგმა ვალის ნაწილით მნიშვნელოვანი მოცულობის ბიუჯეტის ნაშთის შექმნის შესახებ, მომდევნო პერიოდში შესაძლო კრიზისების შემთხვევაში ბუფერის როლს შეასრულებს.

ვალის მდგრადობის ანალიზი:

“მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის მიმდინარე დოკუმენტი განსხვავებულია სხვა წლებში წარმოდგენილი დოკუმენტებისგან, რადგან 2020 წლის განმავლობაში ხდება მნიშვნელოვანი მოცულობით სავალო ვალდებულებების ზრდა. აღნიშნული გამოწვეულია 2019 წლის ბოლოს მსოფლიოში გამოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, რომელმაც მნიშვნელოვანად უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურ ტენდენციებზე და მათ შორის საქართველოზეც.

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარების მთავარი მიზანია, შეფასდეს მთავრობის შესაძლებლობა მოემსახუროს ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ვალის მდგრადობის ანალიზი მნიშვნელოვანია საბიუჯეტო გამჭვირვალობის და ეფექტური საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით. ანალიზი ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიას და მოდიფიცირებულია ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი მოიცავს სხვადასხვა შესაძლო რისკ ფაქტორების შეფასებას და მათ გავლენას მთავრობის ვალის პორტფელზე. იგი ეხმარება მთავრობას წინსწრებით მოახდინოს შესაძლებელი ნეგატიური ფაქტორებიდან გამოწვეული შედეგების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზში გამოყენებულია საბაზისო და ალტერნატიული (ნეგატიური) სცენარები და ამ სცენარებისთვის დაშვებები სხვადასხვა მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ცვლადებზე - რეალური მშპ-ს ზრდა, ინფლაცია, გაცვლითი კურსი, საპროცენტო განაკვეთები, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა.

მოცემულ ანალიზში, საბაზისო სცენარი წარმოადგენს, ეკონომიკური განვითარების იმ მოსალოდნელ ვარიანტს, რომლის მოხდენის ალბათობაც საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე მაღალია. შესაბამისად, აღნიშნული სცენარის საფუძველზე ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა.

მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება, მაგრამ სტაბილურად ინარჩუნებს კლებად ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებით 30%-იანი გაუფასურების შემთხვევაში მთავრობის ვალი, მშპ-თან მიმართებაში, აჭარბებს კრიტიკულ ზღვარს. ზემოხსენებული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, გაზრდილი სავალო ვალდებულებების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წლისთვის დაგეგმილია 4,254.0 მლნ ლარის ნიშნულზე, სავალო ვალდებულებების წმინდა ზრდა ამავე პერიოდზე შეადგენს 6,983.0 მლნ ლარს. რაც იმას ნიშნავსრომ 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის სადეპოზიტო ანგარიშზე მოსალოდნელია 2,729.0 მლნ ლარის (6,983.0 - 4,254.0) დაგროვება. 2019 წლის ბოლოს მთავრობის სადეპოზიტო ნაშთის გათვალისწინებით 2020 წლის ბოლოსთვის სადეპოზიტოანგარიშზე მოსალოდნელია ჯამურად 4,183.0 მლნ ლარის დაგროვება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის ვალის საპროგნოზო წმინდა მაჩვენებელი9 2020 წლის ბოლოსთვის შეადგენს მშპ-ს 46,0%-ს.

სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ფისკალური ბუფერი) საშუალებას იძლევა ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში მთავრობამ ეფექტურად გაართვას თავი მოსალოდნელ გამოწვევებს სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოყენებით. საბაზისო სცენარის განვითარებაში, დეპოზიტზე დაგროვილი თანხა გამოყენებული იქნება შემდეგი წლების ფისკალური საჭიროებებისთვის, მათ შორის, შესაძლოა დაგროვილი თანხით მოხდეს მომავალი წლების სავალო ვალდებულებების წინსწრებით დაფარვა. აღსანიშნავია, რომ დამატებითი საგარეო დაფინანსების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,8%-ს.

2020 წლის პირველი 6 თვის ეკონომიკური მონაცემების შეფასების შემდეგ დამატებით მოხდება ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარება და განახლებული დოკუმენტი გამოქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე,"- ნათქვამია ვალის მდგრადობის ანალიზში. 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, საქართველო შემდეგი საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს გადაუდებელ დაფინანსებას:

✓ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 603,0 მლნ ლარი;
✓ აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 1 455,0 მლნ ლარი;
✓ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) - 885,1 მლნ ლარი;
✓ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 450,0 მლნ ლარი;
✓ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) - 439,8 მლნ ლარი;
✓ მსოფლიო ბანკი (WB) - 396,1 მლნ ლარი;
✓ ევროკავშირი (EU) - 241,0 მლნ ლარი.