მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროში გაჭიანურებული საგადასახადო დავების გავლენა საინვესტიციო გარემოზე - EBA-ის შეფასება

5e5d083acd847
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 19:30
1104
ევროპული ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროში წარმოებული გაჭიანურებული საგადასახადო დავების ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე გავლენას აფასებს.

როგორც ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ BM.GE-ის განუცხადა, „არსებული საგადასახადო დავების განხილვის სისტემა მნიშვნელოვნად აფერხებს ინვესტიციებს და ბიზნესისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას საქართველოში”.

მისივე ინფორმაციით, EBA-ის წევრების შიდა გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული საგადასახადო დავების განხილვის სისტემა წევრი კომპანიების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და ქართულ ბაზარზე კონკურენციის გამკლავების პროცესში ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ქუჩულორიას თქმითვე, EBA-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიმართა და ეს საკითხი ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას წამოაყენა, რადგან მიიჩნევს, რომ აუცილებელია საგადასახადო დავების განხილვის წესის გაუმჯობესება.

„ყველა მეწარმეს აქვს საგადასახადო ვალდებულებები და ნორმალურია, მათ ჰქონდეთ საგადასახადო ორგანოსთან გარკვეული შეუთანხმებლობა ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, ხშირია საგადასახადო დავები არამარტო საქართველოში, არამედ - ნებისმიერ ქვეყანაში. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დავების სწრაფ გადაწყვეტას, რადგან ხანგრძლივმა დავის პროცესმა და შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს კომპანიებს (განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც აქვთ შეზღუდული ბრუნვა), შეასუსტოს მათი კონკურენტუნარიანობა და იძულებით დაატოვებინოს ქართული ბაზარი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ საქართველოში დავის დასრულებამდე ხდება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება (გირავნობა-იპოთეკა, ყადაღა) და ფინანსებზე წვდომაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, კიდევ უფრო რთულდება მეწარმისთვის საქმიანობის გაგრძელება“, - ამბობს მარიამ ქუჩულორია.

EBA-ის გენერალური დირექტორის მოადგილე დავების დროში გაჭიანურების ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს პრობლემა სისტემურია.

„ბიზნესისთვის არაგანჭვრეტადია საგადასახადო დავის განხილვის ხანგრძლივობა და სავარაუდო შედეგი როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე - სასამართლოში. უმრავლეს შემთხვევაში, ორივე ორგანოს მიერ დავა აუდიტის დეპარტამენტს უბრუნდება საკითხის განმეორებით შესასწავლად და ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.  გადასახადის გადამხდელებისთვის პრობლემას ქმნის ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი დავების განხილვის საბჭოს პროცედურები, ფორმალური რეგლამენტის არარსებობა და სხდომების დანიშვნის წესი“, - განმარტავს EBA-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.