მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქართულ ბაზარზე დამკვიდრება გართულებულია - ქეთევან მეფარიშვილი

5ed367d8f2316
BM.GE
31.05.20 12:20
1137
"ფინანსურ ინსტიტუციებს ძალიან უჭირთ საქართველოში ფეხის მოკიდება”, - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ მარკეტინგის ასოცირებულმა პროფესორმა და საერთაშორისო ფინტექ კომპანია Twino-ს აზიის რეგიონალურმა მენეჯერმა ქეთევან მეფარიშვილმა განაცხადა.

მეფარიშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოში ფინანსური დაგეგმარების კულტურის დაბალ დონეს ასახელებს.

“ჩვენ არ გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება. ფინანსურ ინსტიტუციებს კი უჭირთ ისეთ ბაზარზე ფეხის მოკიდება, სადაც დაბალია ეს აღქმადობა, თუ როგორ უნდა მიუდგე პროდუქტს”, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანებმა არ იციან, რა შემთხვევაში უნდა დაიმატონ ვალდებულებები, მაგალითად, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ზუსტად არ აქვთ გათვლილი, რა შემოსავალი ექნებათ მომავალში, ამის გაკეთება კარგი არ არის და საკუთარ თავს დააზარალებენ.

ქეთევან მეფარიშვილის თქმით, საქართველოში ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ხარვეზი, რეგულაციური ჩარჩოა.

“ამისათვის საჭიროა არსებობდეს აკუმულირებული სამთავრობო ბაზა, რომელიც თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირებას მოახდენს. საქართველოში ასეთი ბაზა არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში კი, როცა რეგულაცია ფინტექს არ აძლევს საშუალებას შედარებით მარტივად მოახერხოს მომხმარებლის იდენტიფიცირება, მისი შემოსავლიანობის მრუდის თავის მონაცემებში გათვალისწინებლა, მას უკვე უხდება მოიძიოს სრულიად სხვა ტიპის რესურსები მომხმარებლის შეფასებისთვის”, - განმარტავს ქეთევან მეფარიშვილი.

მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი გადაცემაში ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სწორ მონაცემთა მეცნიერებას ეფუძნება.

“ჩვენი განათლება იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ ბიზნესმა დაიწყოს არა ინტუიციით, არამედ მონაცემებით საუბარი. თუ არ ვიცი, რა ტიპის მონაცემები მაქვს, არ ვიცი ჩემი მომხმარებელი ვინ არის, დესტრუქციულია მთელი მოქმედებები”, - ამბობს ის.

მეფარიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ კუთხით პროცესები დაწყებულია, თუმცა, მისი აზრით, კიდევ უფრო მეტად უნდა დაინერგოს მონაცემთა მეცნიერება.