მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სირთულეების დასაძლევად Georgian Airways-ი ორ Embraer 190-ს უკან აბრუნებს

5fae83a6dbb59
BM.GE
13.11.20 16:59
811

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარი ავიაპარკიდან ორ Embraer 190-ს უკან აბრუნებს. როგორც Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ AviaNews-თან საუბრისას განაცხადა, დღეისათვის ავიაკომპანია Embraer-ის ტიპის 4 საჰაერო ხომალდს უწევს ექსპლუატაციას. თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე Georgian Airways-ს ორი საჰაერო ხომალდის უკან დაბრუნება უწევს.

“კოვიდ პანდემიამ საავიაციო ინდუსტრიას უდიდესი ზიანი მიაყენა. არსებული ფინანსური სირთულეების დასაძლევად 4-დან 2-ს Embraer-ს ვაბრუნებთ”, – აღნიშნა ბოკერიამ.

ორი Embraer 190, რომელსაც Georgian Airways-ი უკან აბრუნებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო (საბორტო) ნომერი 4L-TGV და 4L-TGU0) 2017 წლის ივნისიდან ირიცხება.

Embraer 190-ში სავარძლების საერთო რაოდენობაა 97: მათ შორის, 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომკლასის.

2000 წლიდან Georgian Airways-მა საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს რეისებს Boeing-ის, Embraer-ისა და CRJ-ის ტიპის ავიალაინერებით ასრულებს.

როგორც ცნობილია, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე Georgian Airways-ს თვეების განმავლობაში მცირე რაოდენობის ჩარტერული რეისების განხორციელება უწევდა. ნოემბრიდან ავიაკომპანიას რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა საქართველოსა და ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ავიაკომპანიას რეგულარულ რეისებზე სიხშირეების შემცირება უწევს. Georgian Airways-ში რამდენიმე მილიონიან ზარალზე ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში აცხადებდნენ.

წყარო: www.avianews.ge