მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ ეწევით" - გამყრელიძე ექიმებს მიმართავს

6128ea47062f5
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 19:40
1045
"ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებს შორის ანტივაქსერები არიან, სამწუხაროდ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.

„ზოგიერთი ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ ქვეყანაში არის პანდემია და ვიცით, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს. სამწუხაროდ, 1000 ინფიცირებულიდან 10-15-20 ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ამის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. ამ დროს როგორ შეიძლება მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ არ აიცრან. ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება ის ადამიანი, რომელიც ორსულს ეტყვის არ აიცრაო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ორსულებს აცრისკენ და აღნიშნა, რომ ამას გართულებები არ მოჰყვება და პირიქით, ინფიცირების შემთხვევაში დაცული იქნებიან.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, მეან-გინეკოლოგებს, ავცრათ ორსულები. რაც მეტი ორსული აიცრება, მით კარგია, მით უფრო მეტი ბავშვი დაიბადება. ვიცი რომ არ არის ბევრი ანტივაქსერი ექიმი, მაგრამ მოგიწოდებთ, აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ ეწევით, ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ. 1000 აცრილი ადამიანი ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა“, - დასძინა მან.

გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 66%-ზე მეტი უკვე ერთი დოზით მაინც არის აცრილი, ხოლო სამედიცინო პერსონალის - 46%.