მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა - საქსტატი

61692a48d1648
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 11:14
700
საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 32 ლარით მეტია. ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს. 

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც სექტემბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. 

სექტემბრის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 191.6 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 28.6 ლარით არის გაზრდილი. 

საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.