მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ქავთარაძე: "2021 წელს ველოდებით, რომ სავაჭრო დეფიციტი გაუარესდება"

6009210a1b48b
ლიკა გურაბანიძე
20.01.21 21:40
2243

“მთლიან ექსპორტში 40%-მდე წილი რეექსპორტს უკავია და ავტომობილები რეექსპორტიდან ერთ-ერთია, აქ სამუშაოა იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება მეტად გავაფართოვოთ", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. 


როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, ექსპორტში, სხვა სექტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი შემცირებაა ავტომობილების რეექსპორტში. მან ასევე ყურადღება 2020 წლის საქონლის სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზეც გაამახვილა.

“2020 წელს ჯამურად ექსპორტი წლიურად 12.0%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა 8.0 მლრდ აშშ დოლარამდე. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.4%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის მხრივ მნიშვნელოვანი შემცირება ავტომობილების რეექსპორტში, მედიკამენტებში და ადგილობრივი წარმოების ფეროშენადნობებში გამოჩნდა. ხოლო, იმპორტის ნაწილში, ძირითადი შემცირება ნავთობპროდუქტების, ასევე ავტომობილების იმპორტში გვქონდა.

მთლიანობაში, რომ შევაფასოთ ის კატეგორიები, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით, არის რეექსპორტის კატეგორია.

2020 წელს ჩვენ საქონლის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი დაახლოებით 1.1 მლრდ-ით გვაქვს შემცირებული, ეს კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ის გარკვეულწილად იმ დანაკარგებს ამსუბუქებს, რომელიც ქვეყანამ 2020 წელს ტურიზმის სექტორიდან მიიღო. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 538 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2020 წელს 2.2 მლრდ დოლარის შემოსავალი დაგვაკლდა. ეს დანაკარგი საქონლის ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ გაანახევრა.” - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

რაც შეეხება 2021 წლის მოლოდინებს, ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ მომავალ წელს საგარეო შემოდინებებიდან პრიორიტეტული კვლავ ფულადი გზავნილები იქნება. ქავთარაძემ სხვა სექტორებში მოლოდინებზეც ისაუბრა.

“2021 წელს ველოდებით, რომ სავაჭრო დეფიციტი გაუარესდება, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს და მოთხოვნა გაჩნდება, იმპორტი მეტად გაიზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასევე მიმდინარე წელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა შესამჩნევი იქნება, რადგან ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ტურიზმის ნაწილს, აქ შესაძლოა კვლავ დაშვებებზე ვისაუბროთ, ყველაზე ოპტიმისტური სცენარი იქნება ის, რომ მიმდინარე წელს, 2019 წლის შემოსავლების ნახევარი მაინც მივიღოთ.” - აღნიშნა ქავთარაძემ.