მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: "არ მიგვაჩნია, რომ საბანკო რეგულაციების შერბილების საჭიროებაა"

5da1b12bd1ea3
ელენე კვანჭილაშვილი
12.10.19 19:00
1032
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დღეს საბანკო რეგულაციების შერბილების საჭიროება არსებობს. ვხედავთ, რომ ბანკებს აქვთ გარკვეული არჩევანის თავისუფლება, უცხოურ ვალუტაშიც გასცენ სესხები“, - ამბობს Fitch Ratings-ის საფინანსო სექტორის განყოფილების უფროსი დირექტორი ოლგა იგნატიევა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.

Fitch-ის ანალიტიკოსის თქმით, ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს უზრდის მოტივაციას, რომ სესხები უფრო მეტად ლარში გასცენ და ამით ცდილობს დოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამოწვევას ადეკვატურად უპასუხოს.

„როგორც კი დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით წარმატება მიიღწევა, შეიძლება უკვე საუბარი დაიწყოს ამ ზომების შერბილებაზე. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, კომერციული ბანკების მხრიდან რისკის აპეტიტი საკმაოდ მაღალია“ - ამბობს „ანალიტიკასთან“ ოლგა იგნატიევა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი აგვისტოში BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ. Fitch-ის ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.

საქართველოს სუვერენული რეიტინგის მთავარი აქცენტები და სამომავლო პერსპექტივები წელს გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოში ოქტომბერში ყოველწლიურ კონფერენციაზე შეაჯამა. კონფერენციას, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ანალიტიკოსები და მედია.