27.მაისი .2020 14:47

Fitch-ი აშშ-ში უმუშევრობის 20%-მდე ზრდას პროგნოზირებს

views 431
უკან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს გამოქვეყენბულ ანგარიშში შემცირება 3.9%-ზე იყო ნავარაუდევი, თუმცა განახლებული პროგნოზით, ვარდნა 4.6% იქნება.

მართალია უცვლელად, 5%-ზე არის შენარჩუნებული ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ვარდნის პროგნოზი, თუმცა განახლებულია უმუშევრობის მაჩვენებლის შეფასება. ორგანიზაცია მაისში აშშ-ში უმუშევრობის ნიშნულის პიკურ, 20%-მდე ზრდას პროგნოზირებს. რის შემდეგაც უმუშევრობის დონე ეტაპობრივად შემცირდება.

Fitch-ი 2020 წელს ჯამურად ცენტრალური ბანკების მხრიდან საფინანსო ბაზრებისთვის დამატებით 6 ტრილიონი დოლარის მოცულობის სტიმულების (QE) მიწოდებას პროგნოზირებს. აღნიშნული თანხა გლობალურად დაკრედიტების ხელშეწყობისთვის იქნება მიმართული.

“გლობალურად მაკროეკონომიკური სტიმულირებოს პროგრამების მასშტაბი გასული ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე არსებულ ფისკალურ სტიმულებთან ერთად, დამატებით წარადგინა მშპ-ის 2%-ის ოდენობის დახმარების პაკეტი,”- ნათქვამია ანგარიშში.

Fitch-ი განახლებული შეფასებით, ევროზონაში 8.2%-იან რეცესიას მოელის, რაც შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. ცალკეული ქვეყნების მიხედვით მოსალოდნელი ვარდნა ასეთია

● ესპანეთი - 9.6% (თავდაპირველი პროგნოზი 7.5%);
● იტალია - 9.5% (თავდაპირველი პროგნოზი 8%);
● საფრანგეთი - 9% (თავდაპირველი პროგნოზი 7%);
● დიდი ბრიტანეთი - 7.8% (თავდაპირველი პროგნოზი 6.3%).

“ჩვენ მოველით, რომ ჩინეთის გამოკლებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები წელს 4.5%-ით შემცირდება. თავდაპირველი პროგნოზით შემცირების მაჩვენებელი 1.9%-ზე გვქონდა განსაზღვრული. ახალი შეფასება ასახავს ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებულ პროგნოზებს,”- ნათქვამია ანგარიშში.

ინდოეთში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯების გამო, Fitch-ი წლის განმავლობაში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ვირუსის გავრცელების მაღალი ტემპების გამო, ბრაზილიასა და რუსეთში მოსალოდნელი რეცესია ამჟამად 6%-სა და 5%-ზე არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა