მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ი "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეიტინგების მომზადებას შეწყვეტს

5fcf718ca9dbd
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.20 16:33
1428
Fitch Ratings-მა საქართველოს უმსხვილეს ენერგოგამანაწილებელი კომპანიის “ენერგო პრო ჯორჯიას” საკრედიტო რეიტინგი განაახლა. ახალი რეიტინგის თანახმად, კომპანიის შეფასება კვლავ BB მინუსი იქნება, თუმცა რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიური” “სტაბილურით” შეიცვალა.

როგორც Fitch-ი აღნიშნავს, ეს “ენერგო პროს ჯორჯიასთვის” რეიტინგის უკანასკნელი ცვლილება იქნება და სარეიტინგო კომპანია მომავალში “ენერგო პრო ჯორჯიას შეფასებას აღარ გამოაქვეყნებს.

როგორც Fitch-ი აღნიშნავს, ნეგატიურიდან სტაბილურით შეიცვალა თავად “ენერგო პრო ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის, ჩეხური “ენერგო პროს” რეიტინგიც.

რეიტინგის შეფასებაში Fitch-ი მიუთითებს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში “ენერგო პროს” შემოსავლის შემცირება ერთი მხრივ განპირობებული იყო ელექტროენერგიის განაწილების 10%-ით შემცირებით და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, რამაც მაღალი ძაბვის სეგმენტში განაწილების 14%-ით შემცირება განაპირობა.

ანგარიშის მიხედვით, “ენერგო პრომ” 2019 წელს 707.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით ნაკლები იყო. კლების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მიმართულებით არსებული შემცირება გახდა. შემცირება ძირითადად კომერციული აბონენტებიდან მიღებული შემოსავლის 100-მილიონიან კლებას უკავშირდებოდა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, “ენერგო პროს” შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 227.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.1%;
● არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 431.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22.7%;
● გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაცია - 16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6%;
● ელექტროენერგიის გატარება - 10.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 110%.