მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ი საქართველოში 10.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

62e77a3f4cab1
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 10:56
817
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი. Fitch-ის შეფასებით, წელს საქართველოში ძლიერი შიდა და საგარეო მოთხოვნის, ასევე გაზრდილი ტურიზმისა და ქვეყნაში შემოსული ათასობით მიგრანტის ფულადი გზავნილის გამო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წლის ზრდა, სავარაუდოდ, 10.9% იქნება. ამასთან, ზრდა 2023 წლისთვის 5.3%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 4.7%-მდე უნდა შემცირდეს. 

პანდემიის დაწყების შემდეგ Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი ანგარიში რამდენჯერმე განაახლა. თავდაპირველად, 2020 წლის აპრილში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი “სტაბილურიდან” “ნეგატიურით” შეიცვალა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურით” შეიცვალა. ახალ ანგარიშშიც ეს მოლოდინი უცვლელია.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა, რაც ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაში აისახა. ამან კი თავისმხრივ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა (+65%), ხოლო რუსეთიდან გზავნილები კი გასამმაგდა.

Fitch-ი მოელის, რომ გაზრდილი გზავნილების ფონზე შემცირდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის 2022 წლისთვის მშპ-ის 5.1% იქნება, თუმცა ეს მაჩვენებელი BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის საშუალო დეფიციტზე (3.5%-ზე) მაღალია.

Fitch-ი წერს, რომ ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის იმპორტის 4.5 თვის მოცულობის ტოლია, ხოლო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული $280 მილიონიანი პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას დამატებითი ლიკვიდობით მოამარაგებს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ატარებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ შორის რუსული ბანკის აქტივების ცვლილებასა და მინერალური წყლების მწარმოებლის მესაკუთრეებს შორის ცვლილებაში გამოიხატა. Fitch-ი წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორების გამო, საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების მიმართ კვლავ მოწყვლადია, ხოლო რუსეთის მიმართ მთავრობის “ნიუანსურმა” მიდგომამ მოსახლეობის ნაწილში საპროტესტო სენტიმენტები გააღვივა.

საქართველოს პანდემიამდე ფისკალური დისციპლინის ისტორია ჰქონდა; ასევე ქვეყანა აუმჯობესებდა სახელმწიფო საწარმოების მართვას და გამჭვირვალობას. ფისკალური პოლიტიკა თანდათანობით მყარდება, რაც ძლიერ საგადასახადო შემოსავლებს და ვალუტის გამყარებას უკავშირდება. ხელისუფლება გეგმავს, რომ 2023 წლისთვის ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 3%-მდე შეამციროს. ამასთან, იზრდება ქვეყნის საექსპორტო დივერსიფიკაციაც და 2022 წლის იანვარ-მაისში მთავარ საექსპორტო ბაზარს ჩინეთი წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ფხიზელ მიდგომას, მან ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მისცა შესაძლებლობა შთაენთქა საგარეო შოკი და არ ჩაერია მის მერყეობაში, რომელიც თებერვლის შემდგომ 11%-ით გამყარდა. სებ-მა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ პოლიტიკის განაკვეთი 50 ბპ-ით 11%-მდე გაზარდა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და კარგად კაპიტალიზებულია. ქვეყანაში სესხების დოლარიზაცია 49%-ია, რაც 2021 წლის ბოლოსთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 59%-ია, რაც წლის დასაწყისთან მიმართებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

Fitch-ი მოელის, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორებით საქართველოს აქვს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ამ მხრივ ქვეყნის პოზიციები ბოლო წლებში შემცირებულია. ასევე არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან, რომელზეც რუსეთთან და EU-სთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია.

"ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ პოლიტიკა დროთა განმავლობაში საქართველოს სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნეს გარემოს ტვირთად დააწვეს", - წერს Fitch-ი.