მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა "კრისტალის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა

61010d8e292e8
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 12:12
879
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და (IDR) სტაბილურად შეაფასა.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, რეიტინგის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა 2021 წლის განმავლობაში "კრისტალის" გაზრდილმა წვდომამ უცხოურ დაფინანსებაზე, რამაც თავის მხრივ უზრუნველყო რეფინანსირების რისკის შემცირება. სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა (IFI) და ადგილობრივი ბანკების მზადყოფნამ, რომ განაგრძონ კრისტალთან უწყვეტი თანამშრომლობა და გასცენ ახალი საკრედიტო რესურსები, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეიტინგის გაუმჯობესებას. 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, კრისტალმა 120 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო, საიდანაც 52% საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის.

მინიჭებული რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით განისაზღვრა და ნათლად ასახავს კომპანიის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე, რაც თავის მხრივ კომპანიის აქტივების ხარისხით, მომგებიანობით და კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით განპირობებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკების პროაქტიული მართვით, კრისტალმა ეფექტურად შეძლო COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე აქტივების ხარისხის შენარჩუნება, რაც დიდწილად პანდემიის პერიოდში მომხმარებლებისთვის მხარდამჭერი ღონისძიების გატარებით იყო განპირობებული. კერძოდ, კომპანიამ 2020 წლის მე-2 კვარტალში კლიენტებს სესხებზე 3-თვიანი მორატორიუმი შესთავაზა. შედეგად, 2021 წლის მაისისთვის NPL მაჩვენებლის 7,6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა (ნაცვლად მოსალოდნელი 15%-ისა). ამავდროულად, კრისტალმა შეძლო მოგების გაზრდა შესაძლო საკრედიტო დანაკარგების რეზერვის შემცირებითა და მცირე, მაგრამ უფრო მაღალპროდუქტიულ სესხებზე გადართვით. შედეგად, კომპანიის წმინდა მოგებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა. მომგებიანობის ეფექტური მართვა ასევე დადებითად აისახა კაპიტალის ადეკვატურობაზე (CAR), რომელმაც 2021 წლის მაისის მდგომარეობით, 18,89% შეადგინა (საზედამხედველო ბარიერზე 5,59%-ით მეტი).

„კრისტალი Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამავე დროს გვეხმარება ხელსაყრელი პირობებით მოვიზიდოთ მეტი ფინანსური რესურსი და ამით შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებლებს ისარგებლონ კრისტალის კონკურენტული პირობებით, განავითარონ ბიზნესსაქმიანობა, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე“, - აღნიშნავს "კრისტალის' უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

ინფორმაციისთვის, კრისტალს Fitch-ის რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა. 2019 წელს Fitch-ის მიერ კრისტალისთვის მინიჭებული გრძელვადიანი B რეიტინგის საფუძველზე, კომპანიამ წარმატებით განახორციელა არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისია.

კომპანიისთვის საკრედიტო რეიტინგის დადასტურება ხელს შეუწყობს 2021 წელს უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ განვითარებას.