საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “სილქნეტისთვის” საკრედიტო რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის რეიტინგი “B+”-დან “B”-მდე შემცირდა. ახალი რეიტინგის მოლოდინი კი “სტაბილურით” განისაზღვრა.
Fitch-ი საკუთარ გადაწყვეტილებაში კომპანიის შემოსავლებსა და ვალებს შორის გაზრდილ სხვაობაზე მიუთითებს, ამასთან აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდება.
ამასთანავე, Fitch-ის გადაწყვეტილებაში საუბარია “სილქნეტის” მიერ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ. “2019 წელს “სილქნეტმა” თბილისის ცენტრში 20,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სათაო ოფისის განთავსების მიზნით, $20 მილიონ დოლარად დაკავშირებული მხარისგან შეიძინა. თანხის გადახდა ორ ტრანშად, 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში მოხდა” - წერს Fitch-ი.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Fitch-ი დაკავშირებულ მხარეებთან და მფლობელებთან ურთიერთობას არსებულ ვითარებაში შესაძლო რისკ-ფაქტორად მოიაზრებს.
Ficth-ი აღნიშნავს, რომ “სილქნეტი” გაცვლითი კურსის რისკის მიმართ მოწყვლადია, რადგან ჯგუფის შემოსავლის 95% ქართულ ლარშია ნომინირებული, სესხების 95% კი აშშ დოლარში, თანაც მათი 73% არაჰეჯირებულია.
Fitch-ის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში “სილქნეტის” შემოსავალი წლიურად 5.3%-ით, მესამე ვარტალში კი 4.6%-ით შემცირდა.
სხვა დაღმავალ რისკ ფაქტორებს შორის Fitch-ი რეგულატორულ რისკს ასახელებს, რაც კომუნიკაციების მარეგულირებლის მხრიდან კომპანიისთვის მომსახურების ღირებულების დამოუკიდებლად ფასდადების შეზღუდვაში მდგომარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე “სილქნეტმა” $200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 5 წელს შეადგენს და მათი სარგებელი 11%-ია.
2019 წლის განმავლობაში “სილქნეტის” კონსოლიდირებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა და მან 387 მილიონ ლარს მიაღწია.