მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: "საბანკო რეგულაციების შერბილების საჭიროება არ არსებობს"

5d9b06387874b
ელენე კვანჭილაშვილი
07.10.19 13:33
1269
წელს საქართველომ Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას ოქტომბერში უმასპინძლა. კონფერენციის მთავარი თემები იყო: საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების პროგნოზები; საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და ქართული კორპორაციებისთვის ბონდების გამოშვების შესაძლებლობები. კონფერენციას, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ როგორც - საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ანალიტიკოსები და მედია.

„ანალიტიკა“-ს შესაძლებლობა ჰქონდა ინტერვიუ ჩაეწერა Fitch Ratings-ის საფინანსო სექტორის განყოფილების
უფროს დირექტორთან ოლგა იგნატიევასთან.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია.

Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ.

დღევანდელი მოცემულობით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება. რა წვლილი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესში საქართველოს საბანკო სექტორს - ამ და სხვა კითხვებზე გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელმა ოლგა იგნატიევამ „ანალიტიკა“-ს მოკლე ინტერვიუში უპასუხა.

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ თქვენგან მოვისმენ, როგორ აფასებს Fitch-ი საქართველოს საბანკო სექტორს...

ნელი ზრდა, სოლიდური ბუფერები - ასე ვხედავთ დღეს რეალობას. ზრდა ნამდვილად შენელებულია, თუმცა მიგვაჩნია, რომ კომერციული ბანკების რეგულირების გამკაცრებით ცენტრალურმა ბანკმა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ოჯახები გაცილებით უფრო დაცულები არიან გარე შოკებისგან, ვიდრე რეგულაციებამდე. დიახ, საბანკო სექტორს დღეს მეტი ინვესტირება სჭირდება და ამ მხრივ, მათი ხარჯი გაზრდილია, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს ინვესტიციები საღი აზრის ფარგლებშია. ეს ზომები დოლარიზაციის შემცირებას დაეხმარება..

მოდი, უფრო გასაგებად გვითხარით - რა მიგაჩნიათ დღეს საბანკო სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ან რისკად?

ეს დოლარიზაციის მაღალი ხარისხია. მსესხებელთა უდიდესი ნაწილი არ არის ჰეჯირებული ამ რისკების მიმართ. ამდენად ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ისინი მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.

ეს არის ზუსტად ის პროცესი, რასაც დღეს ვაკვირდებით..

დიახ. ცენტრალური ბანკი ცდილობს, ამ გამოწვევას ადეკვატურად უპასუხოს. კომერციულ ბანკებს უზრდის მოტივაციას, რომ სესხები უფრო მეტად ლარში გასცენ. თან ისე, რომ მათ არც დოლარში სესხის გაცემა ეზღუდებათ - მაგალითად, კორპორაციულ სექტორზე.

მეორე მხრივ, ინდუსტრიის პოზიცია ასეთია: ეს წესები ძალიან მკაცრია და ისინი უნდა შერბილდეს. თქვენ რა აზრის ხართ ამ თემაზე?

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ შერბილების საჭიროება არსებობს. ვხედავთ, რომ ბანკებს აქვთ გარკვეული არჩევანის თავისუფლება, უცხოურ ვალუტაშიც გასცენ სესხები.

მაგრამ ეს კავშირები, რაზეც თქვენ მიუთითებთ - მართლა გჯერათ, რომ ასე პირდაპირია? რეგულირების გამკაცრებას მხოლოდ დოლარიზაციის შემცირება მოჰყვება? ამ ზომებს არ აქვს, ვთქვათ, გვერდითი ეფექტები?

მე მაინც იმას ვიტყვი, რომ ეს ზომები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეზღუდვები სულ უნდა მოქმედებდეს. დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით წარმატება როგორც კი მიიღწევა, შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი დაიწყოს ამ ზომების შერბილებაზე. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, რისკის აპეტიტი საკმაოდ მაღალია..

არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება შედეგს ებრძოდეთ ამ ზომებით და არა - მიზეზს? დოლარიზაციის ერთ-ერთი და შეიძლება მთავარი მიზეზი ხომ ისიც არის, რომ ლარის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე დოლარის მიმართ? მიზეზს ებრძვით თუ შედეგს? ეს სხვადასხვა რამ არის...

დიახ, რა თქმა უნდა. იმისთვის, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, მეტი რესურსი უნდა არსებობდეს ლარში. კომერციულ ბანკებს უნდა შეეძლოთ ლარში დაკრედიტება და მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეტი ლარი. ვფიქრობ, აქ კაპიტალის ბაზრის განვითარების თემა შემოდის. ასევე, მგონია, რომ ეროვნულ ბანკსაც უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ კომერციულ ბანკებს ლარი ასესხოს.

რასაც შემდგომ მეტი წნეხი ექნება ლარის გაუფასურებაზე, რაც ფინანსური სტაბილურობის კუთხით, ასევე პრობლემაა, არა?...

დიახ. კაპიტალის ბაზრის განვითარება - ეს არის პასუხი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, კომპანიებს კი ღია აქვთ ყველა კარი, ვთქვათ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდნენ - ნამდვილად გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში არის კაპიტალის ბაზრის რეალური განვითარების პერსპექტივა?

რატომაც არა. კაპიტალის ბაზარი უფრო იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამბობთ, რომ კომერციული ბანკები დადგენილ წესებს უნდა მოერგონ...

დიახ. ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეროვნულ ბანკსაც შეუძლია დაეხმაროს მათ, უფრო ჭკვიანურად დააბანდონ დოლარში მოზიდული იაფი სახსრები.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაცნობის შემდეგ, სადაც ვალი მნიშვნელოვნად იზრდება, მთავარი ხუმრობა ასეთია: ამ ქვეყანაში პასუხისმგებლიანობა მხოლოდ კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ... თუმცა, ალბათ პრუდენციული პოლიტიკის ეს მოთხოვნა საჯარო სექტორის შემთხვევაშიც თანმიმდევრული უნდა იყოს..

გეთანხმებით.

მადლობა.