მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი, რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესოს

5d9d9a139eb5a
ელენე კვანჭილაშვილი
09.10.19 12:10
976
Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალი იყო. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.

Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ.
Fitch-ის ანგარიშში ასევე იყო აღნიშნული, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება.

"2018 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წილმა 7.4% შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ 9.5%-ზე ნაკლები იყო. ამის მიზეზთა შორისაა ის გარემოება, რომ ამ წელს დასრულდა წარსულში დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019-2020 წლებში საშუალოდ 8%-მდე გაიზრდება, რასაც დამატებით შეუწყობენ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, სატრანსპორტო სექტორში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა,, - ეს წერია ანგარიშში, რომელიც კონფერენციაზეც იყო წარმოდგენილი.

Fitch Ratings-ის ამ და სხვა მიგნებებზე "ანალიტიკა"-მ მოკლე ინტერვიუ ჩაწერა გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორთან მარინა სტეფანისთან.

- კიდევ ერთხელ თქვენგან მოვისმენ, რა პერსპექტივას ხედავს Fitch Ratings-ი საქართველოსთვის და რა შეუძლია მას გააკეთოს, რეიტინგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის.

- Fitch-მა საქართველოს რეიტინგი აგვისტოში გაზარდა და პერსპექტივა მიანიჭა სტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი, გაიუმჯობესოს პოზიცია. რამ შეიძლება იმუშავოს დადებითი მიმართულებით თქვენი ქვეყნისთვის? ასეთი სამი ძირითადი კომპონენტი გვაქვს გამოკვეთილი: საგარეო მოწყვლადობის შემცირება - საგარეო ვალის შემცირებით ან რეზერვების შევსების გზით; ერთ სულზე შემოსავლების მკვეთრი ზრდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით და ასევე - შიდა ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირების სტაბილური ტრენდი.

- რა როლს ანიჭებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს? ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია დღეს ქვეყნისთვის, როცა რიცხვებში აშკარა კლება ჩანს..

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენთვის საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კონტექსტშია განსაკუთრებით საინტერესო. საქართველოსთვის FDI ამ წლების განმავლობაში ამ დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. გეთანხმებით, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოს კლება აქვს 2018 წელს. თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება მშპ-ს 6%-მდე მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი მაინც გაცილებით დაბალი იქნება, ვთქვათ, იგივე 2017 წელთან შედარებით, როცა მშპ-სთან მიმართებით ორნიშნა მაჩვენებელს შეადგენდა.

- თქვენს ანგარიშში ამოვიკითხე, რომ მომდევნო წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლიის პორტისა და ქალაქის მშენებლობა იქნებოდა. მაგრამ დღეს ეს პროექტი პრაქტიკულად გაჩერებულია - რას გვეტყვით ამ თემაზე?

– ჩვენც გვგონია, რომ თუ ანაკლიის პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი პროგნოზი, რომელიც უკვე გაცხადებულია ამ ანგარიშში - FDI-ის მოცულობა მშპ-ს 6%-ის ფარგლებში - ვფიქრობ, რეალისტურია და მდგრადია, რადგან საინვესტიციო პროექტები არის ენერგეტიკის სექტორში და სხვა სექტორებშიც.

- დავაზუსტებ - ამ 6%-ის გათვლაში ანაკლიის პროექტი გათვალისწინებულია თუ არა?

- ვითვალისწინებთ, რადგან ერთი ფაზა სრულად ხვდება ჩვენი გაანგარიშების ფარგლებში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეფასება საბოლოო ჯამში მაინც კონსერვატიულია და შეიძლება, მომდევნო წლებში, FDI-ის მოცულობა უფრო მაღალიც იყოს.

- რამ შეიძლება გააუარესოს საქართველოს პერსპექტივა Fitch-ის რეიტინგში?

აქაც სამი ძირეული კომპონენტი გვაქვს: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა, სახელმწიფო ვალის ზრდა და შიდა თუ გარე პოლიტიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება- აქ ვგულისხმობთ, როგორც პოლიტიკურ ვითარებას, ისე ეკონომიკური ზრდის შენელებასაც.

- 2020 წელი საარჩევნო წელია და ხარჯებიც იზრდება - რა იქნება ამ წელს თქვენი მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ?

ჩვენს პროგნოზში უკვე გვაქვს ასახული ის რეალობა, რომ ფისკალური დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს. რჩევა იქნება პრუდენციული ფისკალური პოლიტიკის გატარება და შენარჩუნება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობაც დაგვეხმარება, რადგან IMF-ის პროგრამაც სწორედ ამ ტიპის დისციპლინაზეა ორიენტირებული.