მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch საქართველოში ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას საბანკო რეგულაციებისა და რუსული ავიასანქციების გამო ელოდება

5dcebe6505957
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.19 19:33
1382
"ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პროაქტიულ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებას და ის მზად იქნება, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იმ შემთხვევაში, თუ საფასო წნეხი, რომელიც ლარის გაუფასურებიდან მომდინარეობს, არ შერბილდება და არ იქნება ნეიტრალიზებული. ამასთანავე, გაზრდილი ინფლაცია და ქართული ვალუტის შესუსტებული სიმყარე სახელმწიფო ვალის მდგრადობაზეც მოახდენს გავლენას, რადგანაც ვალის 77.9% პროცენტი, უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. მაღალი დოლარიზაცია პრობლემას წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორისთვისაც,"- ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაში. 

ორგანიზაცია 2019 წლისთვის საქართველოში 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ზრდაზე მოქმედ დაღმავალ ფაქტორთა შორის კი Fitch გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებსა და რუსულ საავიაციო სანქციებს ასახელებს. 

"დაკრედიტების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარში 7.7%-მდე შემცირდა (სავალუტო კურსის ეფექტის გარეშე), რაც 2018 წლის პირველ ნახევარში არსებულ 17.2%-თან შედარებით დაბალია. 

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა "BB" ის შეფასების მქონე ქვეყნების ჯგუფის მედიანურ მაჩვენებელთან (3.3%-თან) შედარებით მაღალია, რასაც ხელს ინფრასტრუქტურული ხარჯვის აქსელერაცია და შერბილებული ფისკალური პოლიტიკა უწყობს ხელს,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში. 

Fitch სამომავალო ხარჯებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაზეც წერს - "გაზრდილი ხარჯვა განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენს მოლოდინს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით 2.7%-მდე ზრდის, რაც 2018 წელს არსებულ 2.5%-თან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია. ლარის გაუფასურება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთლიან სახელმწიფო ვალს 47%-მდე გაზრდის. 

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებში ხელს შეუწყობს ქვეყანას მიაღწიოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დასახულ საშუალოვადიან მიზნებს,"- ნათქვამია Fitch-ის შეფასებაში.