მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების დეპოზიტების 75% კვლავ დოლარიზებულია

619e4fc3770db
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.21 22:12
820
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფიზიკური პირების დეპოზიტების 75% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული და ეს მაჩვენებელი უკვე ერთი წელია თითქმის უცვლელია. რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში გრძელვადიანი დაზოგვისთვის მოქალაქეები კვლავ ლარის ნაცვლად ევროს და დოლარს იყენებენ.

თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დოლარიზაციის კოეფიციენტი დაბალი ტემპით მაინც მცირდება. კერძოდ 2018 წელს დოლარიზაცია საშუალოდ 77.9%-ს აღწევდა, 2019-ში ის 76%-მდე შემცირდა, 2021 წელს კი 75% გახდა.

ლარის ვადიან დეპოზიტებზე საშუალო საპროცენტო სარგებელი 11.2%-ია, სავალუტო დეპოზიტის ამონაგები კი ამჟამად საშუალოდ 2.4%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის დეპოზიტის სარგებელი საშუალოდ 0.9 პ.პ-ით გაიზარდა, სავალუტო დეპოზიტის განაკვეთი კი 1.1 პ.პ-ით შემცირდა.

რაც შეეხება იურიდიული პირების დეპოზიტებს, აქ დოლარიზაციის კოეფიციენტი 44.2%-ია. თავისმხრივ კომპანიებისთვის მათი საბანკო ანგარიშები ქვეყანაში ოპერირებისთვის გამოიყენება, ხოლო საგადასახადო და სახელფასო ანგარიშსწორებისთვის კი სწორედ ლარი არის მიღებული, ამის გამო იურიდიული პირების დეპოზიტების უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული.

საბანკო სისტემაში სულ 37.2 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული, აქედან 19.89 მილიარდი ფიზიკური პირების დეპოზიტებს, 16.41 მილიარდი კი იურიდიული პირების დეპოზიტებს შეადგენს.