მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარის 15 000 ლარამდე გაზრდა საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია"

5d84dbd355d11
BM.GE
20.09.19 17:56
987
ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს.

კოვზანაძის თქმით, ბოლო წლებამდე აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, თითქმის, ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ ფუნქციონირებდა. ამ საკითხის მოგვარება კი მხოლოდ დღევანდელი პარლამენტისა და ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა რომ შექმნილიყო, შესაბამისი პროექტი ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მომზადდა და ინიცირებული იქნა. ამისათვის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საგარანტიო ფონდისათვის 4 მილიონი ევროც კი მოვიზიდეთ. თუმცა, მაშინ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა“ - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულ დეპოზიტებზე გადასახდელის მოცულობა მცირდება 0.067%-დან 0.03%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაზე შენატანის განაკვეთი (0.1%) - უცვლელი რჩება.

,,მთლიანობაში, ეს ცვლილებები რამოდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ლარიზაციის პროცესის შემდგომი სტიმულირება. მიმაჩნია, რომ ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ფიზიკური პირების 5000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებს. 2020 წლის 1 ივლისიდან კი დაზღვეული ანაბრების თანხის ოდენობა 3-ჯერ გაიზრდება და 15 000 ლარს მიაღწევს.