მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში პირველი ელექტროთვითმფრინავი ასაფრენად ემზადება

61fa2e33bf6b7
თათია კაკიაშვილი
02.02.22 22:40
893
მსოფლიოში პირველი სრულად ელექტროთვითმფრინავი ასაფრენად ემზადება. Alice - ასე ჰქვია თვითმფრინავს, რომელიც ისრაელის კომპანია Eviation-მა გამოუშვა. მან სულ რაღაც ერთი კვირის წინ გაიარა ძრავის საბოლოო გამოცდა, რისთვისაც პიონერ ელექტრომფრინავს ადგილი სიეტლის ჩრდილოეთით მდებარე არლინგტონის მუნიციპალურმა აეროპორტმა დაუთმო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Alice-ს შემქმნელ კომპანია Eviation-ში აცხადებენ, რომ ელექტროთვითმფრინავს პირველი რეისის შესრულებამდე სულ რამდენიმე კვირა აშორებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ შესაძლებლობებს, Alice აღჭურვილია ელექტრომობილის და მობილური ტელეფონის ელემენტის მსგავსი ტექნოლოგიით, რომლის დასამუხტადაც 30 წუთია საჭირო, ამის შემდეგ ელექტროთვითმფრინავი ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 440 მილის დაფარვას შეძლებს და, რაც მთავარია, მაქსიმუმ ცხრა მგზავრის გადაადგილებასაც უზრუნველყოფს.

თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე საათში 287 მილია. კომპანია Eviation-ი, რომელიც ექსკლუზიურად ელექტრო საჰაერო ტრანსპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული, იმედოვნებს, რომ Alice-ს მსგავსი თვითმფრინავები, რომლებსაც 20-დან 40-მდე მგზავრის ტრანსპორტირება შეუძლიათ, მაქსიმუმ მომდევნო ათ წელიწადში რეალობად იქცევა. ამასთან, Eviation-მა ელექტრომფრინავის სამი პროტოტიპი შეიმუშავა: სამგზავრო, ჩვეულებრივი და სპეციალიზებული. საფრენი ტესტირების დროს სამგზავრო თვითმფრინავმა 9 მგზავრი და 2 პილოტი დაიტია, ხოლო სატვირთომ - 850 ფუტი ტვირთი. მეორე პროტოტიპს აქვს ექვსი სამგზავრო ადგილი, ხოლო სატვირთო თვითმფრინავს - 450 კუბური ფუტის მოცულობა.

საინტერესო ისაა, რომ Alice-ს 12 მოდელი უკვე შეკვეთილია საერთაშორისო გადამზიდი კომპანია DHL-ის მიერ და მათი მიწოდება 2024 წელს იგეგმება. ეს ელექტრომფრინავები მოკლე მანძილებზე ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება. Alice-ს პირველი წარმატებული ფრენის შემდეგ კი, როგორც Eviation-ში აცხადებენ, რამდენიმე საინტერესო ხელშეკრულებაც გაფორმდება: კომპანია CapeAir-იც დაინტერესებულია ინოვაციური თვითმფრინავით და მის გამოყენებას 2023 წლიდან გეგმავს.