მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერების ტოპ ათეული გამოაქვეყნა

5e12250b54299
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.20 22:33
3915
Forbes-ის მსოფლიო რეიტინგში მილიარდერები არამხოლოდ მათი ქონების სიდიდის, არამედ მათ მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობის შედეგადაც ხვდებიან.  2019 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამინები განათლების, მედიცინის და მეცნიერების საკეთილდღეოდ ასეულობით მილიონის, ზოგჯერ კი მილიარდის შეწირვას აგრძელებდნენ.

Forbes-მა უმსხვილესი ქველმოქმედების მიერ გაღებული თანხები დაითვალა და მათგან 2019 წლის ტოპ 10-ეული შეადგინა.

10-დან 8 ფინანსური მხარდაჭერა არაკომერციული დაწესებულებებისთვის (უნივერსიტეტები, საქველმოქმედო ფონდები) იყო განკუთვნილი. ათეულიდან ორ შემთხვევაში მილიარდერებმა საკუთარ საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხეს თანხა. 

ქველმოქმედი მილიარდერების Top 10:

1. აზიმ პრემჯი - $7.6 მლრდ



აზიმ პრემჯი ინდოელი IT მაგნატია. 2019 წელს მან უმსხვილესი თანხები გაიღო ქველმოქმედებისთვის. პრემჯიმ IT კომპანიის Wipro Limited-ის $7.6 მლრდ-იანი წილი თავისივე საქმელმოქმედო ფონდს "აზიმ პრემჯის ფონდს" გადასცა, რომელიც განათლების სფეროში საქმიანობს. 1966 წელს, პრემჯიმ მამისგან მემკვიდრეობით საკვები მცენარეული ზეთების ბიზნესი მიიღო და მოგვიანებით იგი განვითარებად პროგრამულ დეველოპერად აქცია. 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 8.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

2. უორენ ბაფეტი - $3.6 მლრდ



2019 წლის ივლისში Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის უმსხვილესი თანხები გაიღო:

ბაფეტის ქონებიდან $3.6 მლრდ გადაეცათ ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს, ასევე, სუზან ტომფსონ ბაფეტის (უორენ ბაფეტის მეუღლის სახელობის ფონდს) და მისი სამი შვილის მმართველობის ქვეშ მყოფი: Howard G. Buffett Foundation, Sherwood Foundation და NoVo Foundation ფონდებს.

Forbes-ის შეფასებით, ბაფეტმა ცხოვრებაში $38 მლრდ-ზე მეტი გაიღო ქველმოქმედებისთვის.

3. სტიუარტ და ლინდა რეზნიკები - $750 მლნ



2019 წელს კალიფორნიელმა მილიარდერებმა სტიუარტ და ლინდა რეზნიკებმა, რომლებმაც ქონება კაკალისა და ხილის ბიზნესში დააგროვეს, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს (CalTech) კლიმატის ცვლილების კვლევის დასაფინანსებლად 750 მილიონ დოლარის გადარიცხვის შესახებ გააკეთეს განცხადება.

ეს უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე დიდი კერძო შემოწირულობაა. CalTech-ი აღნიშნული თანხით ახალი კამპუსის აშენებას გეგმავს, რომელშიც "რეზნიკების სახელობის გარემოსდაცვითი რესურსების ცენტრი“ შეიქმნება. რეზნიკებს ქონება 9 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და ისინი მსოფლიოში ნუშისა და ფსტის უდიდესი მწარმოებელები არიან.

ამასთანავე, მათი საკუთრებაში არსებული Wonderful Co.-ში, გაერთიანებულია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა POM Wonderful, Fiji Water და სხვა. 

4. დენი სენფორდი - $350 მლნ



First Premier Bank-ის დამფუძნებელის, დენიელ სენფორდის ქონება დაახლოებით 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს.  Forbes-ის ინფორმაციით, სენფორდმა სან-დიეგოს უნივერსიტეტს (San-Diego National University)  $350 მილიონი დოლარი შესწირა. 

სენფორდს ამ უნივერსისტეტისთვის უკვე 150 მლნ აშშ დოლარი აქვს შეწირული. 1971 წელს დაარსებული, უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს უპირატესად ზრდასრულ, არმიაში მომსახურე, ან სოციალურად შეჭირვებულ პირებს სთავაზობს. 

5. ფილიპ „ტერი“ რეიგონი და სიუზან რეიგონი - $200 მლნ



მილიარდერებმა ფილიპ და სიუზან რეიგონებმა 2019 წელს განაცხადეს, რომ მასაჩუსეტსის ზოგადპროფილური საავადმყოფოსთვის $200 მლნ დოლარს გადაურიცხავდნენ. საავადმყოფოს სამეცნიერო ლაბორატორია აღნიშნული თანხით ინფექციურ კვლევებს ჩაატარებს. 

ამერიკელმა მილიარდერებმა 2009 წელს, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ, შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკუთარი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემა გადაწყვიტეს. 

ფილიპ რეიგონი IT კომპანია InterSystems-ის დამფუძნებელია. კომპანია ამჟამად Big Data-ს კვლევებზე სპეციალიზდება და სამედიცინო კომპანიებსა და ბანკებს მონაცემთა ანალიზში ეხმარება. ოჯახის ქონება $2.6 მილიარდს შეადგენს. 

6. სტივენ შვარცმანი - $188 მლნ



საინვესტიციო ფირმა Blackstone-ის თანადამფუძნებელმა სტივენ შვარცმანმა ოქსფორდის უნივერსიტეტს 188 მლნ დოლარი შესწირა. ბრიტანეთის ლეგენდარული უნივერსიტეტისთვის გაკეთებული საჩუქარი, ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი შემოწირულებაა, რომელიც უნივესრსიტეტს დაარსებიდან მიუღია. შემოწირულობა შვარცმანის სახელობის ცენტრის დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული, რომელშიც ფილოსოფიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ოქსფორდის ახალი ეთიკის ინსტიტუტი განთავსდება. 2018 წლის ოქტომბერში, შვარცმანმა, რომლის ქონება 19.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული, განაცხადა, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს კომპიუტერულ მეცნიერებათა ახალი კამპუსის მშენებლობისთვის 350 მილიონ დოლარს შეწირავდა.

7. ჯონ მ. ჰანტსმანის ოჯახი - $150 მლნ



ნოემბერში, გარდაცვლილი მილიარდერის ჯონ მ. ჰანტსმანის ოჯახმა, რომელმაც ქონება ქიმიურ ინდუსტრიით დააგროვა, იუტას უნივერსიტეტს $150 მილიონი შესწირა. ამ თანხით უნივერსიტეტმა ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები უნდა დააფინანსოს. შემოწირულობა ჰანტსმანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის შექმნას მოხმარდება. შემოწირულობა 15 წელზე გადანაწილდება. 

8. ჰანსიორგ ვისი - $131 მლნ



2019 წელს, შვეიცარიელმა მილიარდერმა ჰანსიორგ ვისმა, რომელმაც $6.3 მილიარდიანი ქონება სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის შექმნით დააგროვა,ჰარვარდის უნივერსიტეტს 131 მილიონი დოლარი შესწირა. მისი შემოწირულობა მიმართული იყო ბიოინჟინერიის სფეროში ვისის სახელობის ინსტიტუტის განსავითარებლად, რომელიც 2009 წელს დაარსდა როდესაც მან ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის შესაქმნელად 125 მილიონი დოლარი შესწირა.

1963 წელს ვისმა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Synthes დააარსა. 2012 წელს მან ის Johnson & Johnson 2.2 მილიარდ დოლარად მიყიდა.

9. კენეტ გრიფინი -$125 მლნ



ჩიკაგოს უმდიდრესმა ადამიანმა და საინვესტიციო ფონდ Citadel-ის დამფუძნებელმა კენეტ გრიფინმა, ჩიკაგოში მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმს $125 მილიონ დოლარი შესწირა. ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა, რომელიც მუზეუმმა გახსნის შემდეგ - 1933 წლიდან მიიღო.

კენეტ გრიფინის ქონება 13 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

10. სენდი და ჯოან ვეილები - $109 მლნ



2019 წლის ნოემბერში, მილიარდერებმა და ქველმოქმედებმა სენდი და ჯოან ვეილებმა 109 მილიონი დოლარი შესწირეს სამეცნიერო პროექტს, რომელშიც სან-ფრანცისკოს, ვაშინგტონის, და ბერკლის უნივერსიტეტები არიან გაერთიანებული, სამეცნიერო პროექტის მიზანს ალცჰეიმერის დაავადებისა და თავის ტვინის სხვა დაავადებათა წინააღმდეგ ეფექტური სამკურნალო საშუალებების მოძიება წარმოადგენს. 

სენდი ვეილი, რომლის ქონება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, საბროკერო ფირმის თანადამფუძნებელი გახდა და 1981 წელს იგი American Express თითქმის 1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ის კომპანიების - Travelers და Citibank-ის შერწყმასა და Citigroup-ის შექმნას ხელმძღვანელობდა და 2003 წლამდე Citigroup-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.