მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: მსოფლიოს TOP ქველმოქმედები

5de23801207f0
თელარა გელანტია
30.11.19 17:45
3006
გამოცემა Forbes-მა, ჯამში, 50 ფილანტროპი დაასახელა, რომელთაც 2018 წელს ქველმოქმედების მიზნით, 14 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გამოყვეს; 2017 წელს ეს მაჩვენებელი 12,6 მლრდ უტოლდებოდა, ხოლო 2016 წელს - 12,2 მლრდ-ს.

1. უორენ ბაფეტი
რეიტინგის ლიდერი უკვე მეხუთე წელია Berkshire Hathaway- ის წარმომადგენელი უორენ ბაფეტია, რომელიც ყველაზე ხელგაშლილ ფილანტროპად სახელდება მსოფლიოში და მხოლოდ გასული წლის მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ადამიანების დასახმარებლად 3 მილიარდ 4 მილიონი დოლარი გაიღო. აქედან უმრავლესობა ბილ და მელინდა გეითსების ფონდში გადაირიცხა, ნაწილი კი, შვილების საქველმოქმედო ფონდს შესწირა, რომელიც მიზნად სიღარიბესთან ბრძოლას და ქალების უფლებების დაცვას ისახავს.

2. ბილ და მელინდა გეითსი
რიგით მეორე ქველმოქმედად კი, ბილ და მელინდა გეითსები არიან 2 მილიარდ 6 მილიონი დოლარით; ასე შეფასდა მათ მიერ ქველმოქმედების მიზნით შეწირული თანხა ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი უმსვილესი ფონდი, რომელსაც წყვილი ფლობს და მართავს, ძირითადად, გლობალური ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით ოპერირებს. უფრო დეტალურად თუ ჩავშლით, ფონდმა 2018 წელს 530 მილიონი დოლარი პოლიომის ვირუსის წინააღმდეგ საბრძლოლველად გამოყო; დაახლოებით, 450 მილიონი ვაქცინებზე დაიხარჯა, 400 მილიონი დოლარი აივ ინფექციისა და მალარიის მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო 390 მლნ - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყო.

3. მაიკლ ბლუმბერგი
TOP ქველმოქმედების სამეულშია მაიკლ ბლუმბერგიც, რომელმაც გასულ წელს 767 მილიონი დოლარი, დაახლოებით, 129 ქვეყანაში მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა. ნიუ-იორკის ყოფილი მერი, რომელიც ფულს ძირითადად Bloomberg-ის მეშვეობით გამოიმუშავებს, აქტიურადაა ჩართული მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნების, განათლებისა და ჯანდაცვის მხარდაჭერის მიმართულებით, თუმცა ყველაზე მეტი თანხა მაინც კლიმატის გაუმჯობესების მიზნით გაიღო.

4. უოლტონების ოჯახი
ტენდენციას ცხადია, არც უოლტონების ოჯახი ჩამორჩება, რომელსაც საკუთარი ფონდი - 1987 წელს დაარსებული Walton Family Foundation-იც აქვს; მათ 2018 წელს ქველმოქმედების მიზნით, 596 მილიონი დოლარი გამოყვეს. უოლტონების ოჯახმა გასულ წელს 210 მილიონი საშუალო განათლების გაძლიერებას მოახმარა, ოჯახი ჩართულია ახალი სკოლების აშენების, ძველების გაუმჯობესება-გარემონტების და განათლების ამაღლების მიმართულებით. გარდა ამისა, 2018 წელს უოლტონებმა 90 მილიონი დოლარი მდინარეებისა და ოკეანეების გადარჩენისთვის გაიღეს, ხოლო 54 მილიონი - მისისიპის პროექტისთვის.

5. ჯორჯ სოროსი
ფილანტროპების ხუთეულში მოხვდა ჯორჯ სოროსიც, რომელმაც 2018 წელს 585 მილიონი დოლარი გამოყო ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფული რეალურად სჭირდებოდა. Open Society Foundations 120 ქვეყანაში ოპერირებს და ძირითადად ჩართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რაც შეეხება, ათეულის დანარჩენ წევრებს, მეექვსე ადგილზეა მარკ ცუკერბერგი - 410 მილიონი დოლარით, შემდეგ მოდის შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰანსიორკ ვისი - 402 მილიონი დოლარით. მერვე პოზიციაზეა ჯიმ საიმონსი - 397 მილიონით; ათეულის ბოლო მეცხრე და მეათე პოზიციებს eBay-ის დამფუძნებელი პიერ ომიდიარი და გორდონ მური ინაწილებენ 392 და 298 მილიონი დოლარის შემოწირულობებით.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, ყველაზე ხელგაშლილი ადამიანების რეიტინგში 23-ე ადგილზეა, რადგან გასულ წელს მან სულ რაღაც 131 მილიონი დოლარი გაიღო ქველმოქმედებაში.