20.მაისი .2022 00:15

Forbes: რუსეთში გაკოტრების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

Forbes: რუსეთში  გაკოტრების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება
views 765
უკან

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა, რუსეთის ეკონომიკის მიკრო და მაკროპარამეტრები შეცვალა, გაზარდა ინფლაცია და გააუფასურა ადგილობრივი რუბლი. ბოლო ორ-ნახევარი თვის განმავლობაში განუხრელად მცირდება როგორც ინვესტიციები, ასევე ექსპორტი, ჯამში ქვეყანაში დაიწყო მთლიანი შიდა პროდუქციის კლება. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 12%-ით შემცირდება. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელი იქნება 1994 წლის შემდეგ. ეკონომისტთა ნაწილი ომის პირველი დღეებიდანვე ვარაუდობდა, რომ სანქციები რუსეთს გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაისროდა და, რომ რუსეთის ეკონომიკა ირანისა და ვენესუელას დღეში აღმოჩნდებოდა.

სწორედ მიმდინარე პროცესების გამო, ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება გაკოტრების მსურველთა რაოდენობაც და მაგალითად, 2022 წლის მარტსა და აპრილში, საარბიტრაჟო დავების ორგანოებში გაკოტრების 62 341 საქმე დარეგისტრირდა, რაც 10 000-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ხოლო სამჯერ მეტია 2020 წელთან მიმართებით. ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გაკოტრების მიზეზებს შორის შემოსავლის შემცირება სახელდება, ასევე გაკოტრების პროცედურის შედარებით ხელმისაწვდომობა და მსგავსი პროცედურის საშუალებით ვალებისგან გათავისუფლების შესაძლებლობაც. ანუ პირადი გაკოტრება აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, მაგალითად, მინიმუმამდე დაიყვანონ ფინანსური ვალდებულებები კრედიტორების წინაშე ან საერთოდ თავიდან აიცილონ ისინი. ეკონომისტები კი ამ ფაქტს ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებით ხსნიან.

სტატისტიკურად, ერთიანი ფედერალური რეესტრის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში სასამართლოებმა გადახდისუუნაროდ რუსეთის 54 190 მოქალაქე გამოაცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში კორპორაციული გაკოტრების რაოდენობამ - 2544 შეადგინა და ეს რაოდენობა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 1 აპრილიდან მთავრობამ კრედიტორების ინიციატივით გაკოტრების საქმის წარმოებაზე ექვსთვიანი მორატორიუმი შემოიღო. რაც შეეხება იურიდიული პირების გაკოტრების საქმეს, ამ კუთხით, 2022 წლის მარტ-აპრილში რაოდენობა, მხოლოდ მცირედით, 9%-ით არის მომატებული.

კორპორაციული გაკოტრების ნახევარზე მეტი სამ ინდუსტრიაზე მოდის, ესენია: ვაჭრობა, მშენებლობა და უძრავი ქონება. ეს ის სექტორებია, რომლებსაც წინა წელს ლიდერი პოზიციები ეკავა ბაზარზე, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ პანდემიის ეკონომიკურ ეფექტებს, გაკოტრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. რუსეთის ეკონომიკას რომ მძიმე დღეები უდგას, ამას არც რუსი ეკონომისტები უარყოფენ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითაც კი, მარტო აპრილში რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან დაგეგმილზე 1,9 მლრდ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო და შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება. უახლოეს ერთ-ორ წელიწადში კი, რუსეთს, ფედერალური ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო ჩაეხსნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უკვე მიმდინარე წელსვე აპირებს უარი თქვას რუსულ ნავთობზე.

თუმცა მიუხედავად ამისა, მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური პარამეტრები დიდ გავლენას მაინც ვერ ახდენს რუსულ პროპაგანდაზე, რომლიც ამტკიცებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ახალ, შეცვლილ ვითარებაშიც გამართულად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა