მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: საშინელი შავი პარასკევი - მილიარდერთა ქონება 37 მილიარდით დოლარით შემცირდა

61a676165bb27
მარიამ ადამია
01.12.21 01:00
10646
​მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება პარასკევს საფონდო ბირჟების ვარდნის გამო 37,1 მილიარდი დოლარით შემცირდა, ამიტომაც, მიმდინარე წლის "შავი პარასკევი", წლის ყველაზე საშინელ დღედ დასახელდა. ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს.

Forbes Real-Time-ის რეიტინგის თანახმად, Tesla-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება, ამ დღეს 7,9 მილიარდით შემცირდა და 282,4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება კი, 3,8 მილიარდით შემცირდა და დღეს ის 201,6 მილიარდს ფლობს. Louis Vuitton-ისა და Dior-ის მფლობელის, ბერნარ არნოს, მინუს 9 მილიარდი დოლარი უფიქსირდება და ჯამში 189,4 მილიარდს აერთიანებს. რაც შეეხება, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელ ბილ გეიტსს, მის ქონებას 2,1 მილიარდი მოაკლდა და ის ახლა 136,4 მილიარდს ფლობს.

შემცირდა Oracle-ის დამფუძნებლის ლარი ელისონის ქონებაც 1,9 მილიარდით და 125,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩამონათვალში ხვდება "გუგლის" დამფუძნებელი ლარი პეიჯიც, მინუს 3,1 მილიარდით და მისი ქონება ახლა 121,7 მილიარდი დოლარია. ხოლო "მეტას", იგივე Facebook-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება 2,8 მილიარდით შემცირდა და დღეს მის მფლობელობაშია 119,2 მილიარდი დოლარი.

მილიარდერთა სიაში, რომლებსაც პარასკევს ქონება შეუმცირდათ, Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინიც ხვდება, მინუს სამი მილიარდი დოლარით და ახალი მონაცემებით მას 117,3 მილიარდის აქტივები აქვს. ხოლო ინვესტორ უორენ ბაფეტს მინუს 1,3 მილიარდი უფიქსირდება და ჯამში 103,2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

ასე რომ, "შავი პარასკევი", მიმდინარე წლის ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა ამერიკის საფონდო ბირჟისთვის. განსაკუთრებით ნეგატიურად კი სამ ინდექსზე აისახა, ესენია Dow Jones Industrial Average, S&P და Nasdaq Composite. ახალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, გამოცემა Forbes, მილიარდერთა რეიტინგს გადახედავს და ცვლილებებსაც ასახავს.