მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

60c207a08a3d2
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 19:56
641
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ბახტიერ რახიმოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში უზბეკეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან. მისი თქმით, შარშან პანდემიის შედეგად შემცირებული სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2021 წლის იანვარი - აპრილის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 31.5 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ექსპორტის შემთხვევაში - საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციაზე აქციზის მოხსნის შესახებ ექსპორტის ზრდაზე პოზიტიურად აისახა, რომელიც საქართველოდან ექსპორტირებული 73 დასახელების პროდუქტს შეეხო, მათ შორის, მინერალურ წყლებს, ხილის წვენებს, უალკოჰოლო გაზიან სასმელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, ასევე საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებაზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმსა და სამოქალაქო ავიაციაში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი ესწრებოდნენ.