18.აგვისტო .2019 14:25

„ფორსაჟი 9“-ში თბილისი და საქართველო იდენტიფიცირებული იქნება, რაც ყოველთვის არ ხდება“

views 27402
უკან

ვაჟა- ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ძველი თბილისის ნაწილი და ბეთანია, სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში გადაიღებს „უნივერსალი“ „ფორსაჟი 9“-სთვის ბოლო, ათწუთიან - ყველაზე დაძაბულ, კვანძის გამხსნელ მონაკვეთს და ასე გაჩნდება ტოკიოს, ლოს- ანჯელესის, ლონდონის, რიო- დე- ჟანეიროსა და „ფორსაჟის“ პერსონაჟებისთვის ნაცნობი სხვა ქალაქების ჩამონათვალში თბილისი.

„ფორსაჟის“ შემქმნელების დასათანხმებლად, ქართული გეოგრაფია აეთვისებინათ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაახლოებით, ერთწლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა. ეს ერთი წელი მოიცავდა ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტს, ქვეყნის ლანდშაფტის, ისტორიისა და ხასიათის გაცნობას ქართული კერძების, ღვინისა და სადღეგრძელოების თანხლებით.

ჰოლივუდთან საქართველოს თანამშრომლობის დეტალებზე Forbes Georgia სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ესაუბრა:

“ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში. ერთია, როდესაც ჩადიხარ და იქ ესაუბრები და მეორე, როცა ჩამოდიან და თავისი თვალით ნახულობენ ყველაფერს. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას, ყოველთვის ისმებოდა კითხვა, არის თუ არა ჰოლივუდის რომელიმე ფილმი თქვენთან გადაღებული. ამაზე ჩვენი პასუხი ასეთი იყო ხოლმე - არა, მაგრამ ამერიკული ფილმია გადაღებული. ამიტომ ამ პროგრამის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ. 17 ქვეყანას შორის კი, არჩევანი ჩვენზე იმიტომ გაკეთდა, რომ ჩვენ მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული cash back-პროგრამა შევთავაზეთ,“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ხიდურელი ამბობს, რომ ფილმში თბილისი და საქართველო იდენტიფიცირებული იქნება, რაც ყოველთვის არ ხდება. საქართველო კი ამით, არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, რადგან დღეში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, არამედ ეს ფაქტობრივად, ყველაზე ეფექტიანი მარკეტინგული რეკლამა იქნება.

„ის მანქანები და შეიარაღება, რაც მათ სჭირდებათ, ჩამოიტანეს. ასევე არ გვყავს კასკადიორები. არ გვყავს სპეციალისტი, რომელიც 350 კმ/სთ სიჩქარით რუსთაველის გამზირზე „პორშეთი“ გაივლის, მანქანას დაამტვრევს და თვითონ გადარჩება. ცხადია, კარგად გვესმის, არ ვართ მზად იმისთვის, რომ ყველა სერვისი მივაწოდოთ და ეს არის პროცესი, თუმცა კინოწარმოებაზე მოთხოვნა გაჩნდება. გადაღებები აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოხდება გარკვეული გზების გადაკეტვა. აქაც ძალიან დიდი როლი აქვს იმას, რომ ზოგადად საქართველოში მოსახლეობა ფილმისადმი აგრესიულად განწყობილი არ არის. მაგალითად, რომსა და პარიზში, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან ხშირად იღებენ ფილმებს, მარტივი არ არის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა და ამანაც დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში,“- განაცხადა სააგენტო“აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, სააგენტო „უნივერსალს“ კიდევ რამდენიმე პროქტზე ესაუბრება მოლაპარაკებები მიდის სერიალის გადაღებაზე და ანიმაციაზე. უახლოეს მომავალში კი, მიხეილ ხიდურელი „ნეტფლიქსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრასაც აანონსებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა