მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის დირექტორი: ანაკლიაზე არაფერი ვიცი, ეს პატარა ქალაქია საოკუპაციო ხაზთან

5dea2ee654a73
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 14:38
3142
“ანაკლიის შესახებ არაფერი არ ვიცი. როგორც მსმენია, ანაკლია არის პატარა ქალაქი ფოთისგან ჩრდილოეთით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ,” - განაცხადა ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals-ის ქართული ოფისის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა.

მომავალ კონკურენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფოთის პორტის ხელმძღვანელმა თავად ფოთის პორტის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.

APM Terminals-ი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომების აშენებისთვის $250-$300 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14.5 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტროსა და APM-ს შორის ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM-ი სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა.

კლაუს ლოურსენი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი ნავმისადგომის პროექტირებასთან დაკავშირებით APM-სა და “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს” შორის გარკვეული პროგრესია. ამასთან ლოურსენი ამბობს, რომ ამ პროექტში ფოთის პორტი სახელმწიფოსგან არც ფინანსურ მხარდაჭერას და არც რაიმე სახის გარანტიას არ ითხოვს.

“ჩვენ გვსურს, გავფართოვდეთ და აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტის დამუშავება და დახვეწა მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროექტში ქართულ კომპანიასთან “ფოთის ახალი ტერმინალების” კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ახალ ნავმისადგომს მშრალი ტვირთის ტერმინალი ექნება.

ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან მხარდაჭერას არ ვითხოვთ, ჩვენ მუნიციპალიტეტთანაც და მთავრობასთანაც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, თუმცა არ ვითხოვთ მათგან მხარდაჭერას. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან არც ფინანსურ დაფინანსებას და არც რაიმე გარანტიას. ჩვენ მხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურასთან მიმართებით გვსურს, რომ გაუმჯობესებული ვითარება ვიხილოთ, მაგალითად იმ ტვირთებისთვის, რომლებიც პორტს ტოვებენ იყოს უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა.

ჩვენ პორტის გაფართოების პროექტზე სრული სვლით მივდივართ, იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება თუ სხვა შეფასებები,” - ამბობს კლაუს ლოურსენი.

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა პორტში უკანასკნელ პერიოდში არსებულ შეფერხებებზეც ისაუბრა. კლაუს ლოურსენის თქმით, ავტოიმპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ფოთის პორტი დადგენილ ვადებში ტვირთების მომსახურებას ვეღარ ახდენს.

“როგორც მოგახსენეთ, ჩვენ კონტეინერების გადაზიდვებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. ერთ-ერთი მიმართულება, რაც ძალიან სწრაფად გაიზარდა, არის მეორადი ავტომობილების იმპორტი. მოგეხსენებათ, ოთხი ავტომობილი არის ერთ კონტეინერში განთავსებული და ჩვენ მომხმარებლებს ავტომობილების კონტეინერებისგან დაცლის სერვისს ვთავაზობთ. ეს საკმაოდ სახიფათო საქმეა, რასაც დიდი ყურადღება ესაჭიროება. ზრდა იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი სიმძლავრეები, რათა მათ დროულად მოვემსახუროთ. სამწუხაროდ ამან გარკვეული დაგვიანებები გამოიწვია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მათი ავტომობილების წაყვანა სურთ.

2019 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან მიმართებით, რათა ეს სერვისი უფრო სწრაფი გაგვეხადა.

შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო წლიდან აღნიშნული შეფერხებები და დაგვიანებები მნიშვნელოვნად შემცირდება,”- განაცხადა კლაუს ლოურსენმა.