მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის მმართველი - ჩვენ სახელმწიფოსგან არც დაფინანსებას ვითხოვთ და არც გარანტიას

5dea49657d838
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 16:40
962
"ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან არც ფინანსურ დაფინანსებას და არც რაიმე გარანტიას,"- განაცხადა ფოთის პორტის მმართველი კომპანიის APM Terminals-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა. 

APM Terminals-ი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომების აშენებისთვის $250-$300 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14.5 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტროსა და APM-ს შორის ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM-ი სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. 

კლაუს ლოურსენი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი ნავმისადგომის პროექტირებასთან დაკავშირებით APM-სა და “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს” შორის გარკვეული პროგრესია. ამასთან ლოურსენი ამბობს, რომ ამ პროექტში ფოთის პორტი სახელმწიფოსგან არც ფინანსურ მხარდაჭერას და არც რაიმე სახის გარანტიას არ ითხოვს. 

“ჩვენ გვსურს, გავფართოვდეთ და აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტის დამუშავება და დახვეწა მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროექტში ქართულ კომპანიასთან “ფოთის ახალი ტერმინალების” კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ახალ ნავმისადგომს მშრალი ტვირთის ტერმინალი ექნება. 

ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან მხარდაჭერას არ ვითხოვთ, ჩვენ მუნიციპალიტეტთანაც და მთავრობასთანაც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, თუმცა არ ვითხოვთ მათგან მხარდაჭერას. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან არც ფინანსურ დაფინანსებას და არც რაიმე გარანტიას. ჩვენ მხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურასთან მიმართებით გვსურს, რომ გაუმჯობესებული ვითარება ვიხილოთ, მაგალითად იმ ტვირთებისთვის, რომლებიც პორტს ტოვებენ იყოს უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა. 

ჩვენ პორტის გაფართოების პროექტზე სრული სვლით მივდივართ, იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება თუ სხვა შეფასებები,” - ამბობს კლაუს ლოურსენი. 

გაფართოების შესახებ APM Terminals-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ პორტში 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 41%-ით, 7.2 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ხოლო, საკონტეინერო გადაზიდვები კი 48%-ით, 439,388 კონტეინერამდე გაიზარდა. 

“2019 წელი ფოთის პორტისა და APM Terminals-ისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. ჩვენ ვიხილეთ ზრდა, რომელიც დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. 

ნაკადების ზრდა მოდის სამი ძირითადი მიმართულებიდან, მათგან ერთ-ერთი სომხეთის მიერ მეორადი ავტომობილების იმპორტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელმაც ტვირთების მოძრაობაზე მოახდინა დადებითი გავლენა. ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი, რის გამოც ცენტრალური აზიის ტვირთები უკრაინის გვერდის ავლით მოძრაობენ. მესამე მიზეზი კი ირანთან მიმართებით შექმნილი დაძაბულობაა, დაწესებულმა ემბარგომ ირანულ პორტებზე მოახდინა გავლენა და ტვირთების სხვა მარშრუტებზე გადანაწილება გამოიწვია. ცხადია, რთულია ვთქვათ, რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული ფაქტორი”,- ამბობს ლოურსენი.