14.მაისი .2020 11:50

ფოთის პორტის ტერმინალის პროექტი დაიწყო, გადმორიცხულია $30 მლნ - პრემიერი ინვესტიციებზე

views 1950
უკან

ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქციისთვის ამერიკულმა ფონდმა $93 მლნ ინვესტიცია განახორციელა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ზრუნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ფოთის პორტისთვის მოზიდული პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია, რაც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეტყველებს.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა, ან აქ შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და რომელშიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი დაიწყო უკვე და გადმორიცხულია უკვე 30 მლნ დოლარი, ამ პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მლნ დოლარი.

რეალურად სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, როგორც სახელმწიფო ზრუნვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავების, არამხოლოდ უსაფრთხოების ან დემოკრატიზაციის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით და ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა ჰქონდეს და ხელი უნდა შეეწყოს ახალი პორტების მშენებლობას.

„ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავიზღვისპირეთში, საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ახალი პორტების მშენებლობასაც მათ შორის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ფოთში, $93 მილიონიანი ინვესტიციით, ნავმისადგომი შენდება. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე - 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კოპრორაცია (OPIC), ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს Pace Group-ი წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს ამ დროისთვის, საქართველოში OPIC-ის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.