მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტმა 2018 წელს 57.8 მლნ ლარის მოგება მიიღო

5daefe6e4c07e
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 17:10
1186
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი საზღვაო გადაზიდვების გიგანტის - Maersk-ის შვილობილი APM Terminals-ია. კომპანიამ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, პორტმა გასულ წელს 150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.

დოკუმენტის მიხედვით, პორტმა გასულ წელს 57.8 მილიონი ლარი შეადგინა, ეს 2017 წელს არსებულზე 3.4%-ით მეტია.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტის აქტივების ღირებულება 503 მილიონ ლარს შეადგენს.

ცალკეული წყაროების მიხედვით, ფოთის პორტის საოპერაციო შემოსავალი ასე ნაწილდება:

საკონტეინერო და საზღვაო გადაზიდვები - 74.4 მილიონი ლარი;
საზღვაო მომსახურება - 37.9 მილიონი ლარი;
სახმელეთო მომსახურება - 16.9 მილიონი ლარი;
იჯარა - 16.6 მილიონი ლარი;
დამატებითი მომსახურება - 4 მილიონი ლარი.

პორტმა ხელფასების სახით თანამშრომლებზე 16.9 მილიონი ლარი გასცა.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულია 15 ნავმისადგომი, სადაც კომპანია ეწევა გემების, ტვირთებისა და საკონტეინერო გადამუშავების, სადისპეტჩერო ოპერაციების, დასაწყობების, ნავმისადგომების გაქირავების, სატერმინალო და სხვა მომსახურებებს.

პორტის შემოსავალი საქართველოს სატრანსპორტო კვანძის განვითარებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, რასაც რამდენიმე ძირითადი მდგენელი აქვს, მათ შორის საქართველოში ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა და რეგიონის ქვეყნებში საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესებაა.

2018 წლის განმავლობაში პორტმა 768 ხომალდი მიიღო და 363,936 კონტეინერი გადაამუშავა. კონტეინერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტი იყო. 

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ფოთის პორტმა იურიდიული სტატუსი 1999 წელს მოიპოვა. მაშინ პორტი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო და სსიპ-ს წარმოადგენდა. 2004 წელს ის სახელმწიფოს კუთვნილი შპს გახდა. 2008 წლის 3 აპრილს პორტმა სტატუსი კიდევ ერთხელ შეიცვალა და სააქციო საზოგადოება გახდა.

2008 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კომპანიის აქციების 51% გასხვისდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს (“რაკია”) სასარგებლოდ. 2009 წლის 6 ნოემბერს “რაკია” გახდა სს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” 100% აქციების მფლობელი. 2011 წლის 2 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, “რაკიას” და APM-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების გასხვისებისა და “რაკიას” უფლებებისა და ვალდებულებების APMTBV-ისთვის გადაცემის შესახებ. 2011 წლის 2 აპრილს “რაკიამ” და APM-მა ხელი მოაწერეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების 80%-ის შეძენასთან დაკავშირებით “რაკიას” საკუთრებაში დარჩენილი 20%-ის ნასყიდობის ოფციით. 2015 წლის მარტში, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო “რაკიას” და APM-ს შორის, რომლის თანახმად “რაკიას” სააქციო მონაწილოების დარჩენილი 20% გადაეცა APM-ს 1.00 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე დანიური Maersk-ია. 2018 წლის მდგომარეობით, პორტში 832 ადამიანი არის დასაქმებული.