მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფოთის პორტში ახალი ტერმინალი წელიწადსა და ორ თვეში აშენდება - "პეის ჯგუფი"

5e61190f00c62
დავით ჯალაღონია
05.03.20 20:00
4145
ფოთის პორტში, "პეის ჯგუფის" მიერ ახალი ტერმინალის მშენებლობა დაახლოებით წელიწადსა და ორ თვეში დასრულდება. ამის შესახებ "პეის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თათეიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობას ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმი ახორციელებს. ახალი ტერმინალი ძირითადად, შუა აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან წამოსულ ნაყარ ტვირთებს მოემსახურება. ტერმინალს ნავმისადგომიც ექნება, რომლის სიგრძე 260 მეტრი, სიღრმე კი 12.5 მეტრი იქნება.

"დღევანდელი მდგომარეობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს, რომელიც განახორცილებს მშენებლობას. მშენებლობის პროცესი პრინციპში, დაწყებულია, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა კომპანია სამშენებლო ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ წელიწადსა და ორ თვეში მშენებლობა დამთავრდება და შესაძლებელი იქნება ტერმინალის მთლიანად დატვირთვა", - განაცხადა ირაკლი თათეიშვილმა და დასძინა, რომ ტერმინალის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ტონა იქნება.

რაც შეეხება ტერმინალის დატვირთვის პერსპექტივას, როგორც "პეის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ნაყარ ტვირთებში საკმაოდ დიდი ზრდა შეიმჩნევა.

"როგორც წინა წელს, წელსაც ვფიქრობთ, რომ აქაც ზრდა გვექნება 10-15%-ით. ძირითადად, ეს ისევ არის შუა აზიის ქვეყნები, სადაც ახალი წარმოებები გაეშვება. მათი გამოშვებული პროდუქცია ევროპისა და მსოფლიოს ბაზარზე უნდა გავიდეს. გვინდა, რომ ეს ყველაფერი ფოთის ნავსადგურის, ჩვენი ტერმინალის გავლით მოხდეს", - განაცხადა ირაკლი თათეიშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ორი ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხი განიხილება (ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა და ანაკლიის პორტი), "პეის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ორი ასეთი პორტის საჭიროებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რაც მეტი პორტი იქნება, ქვეყნისთვის მით უკეთესია.

"დატვირთვას რაც შეეხება, პორტებს შორის კონკურენცია იქნება და ვინც გაიმარჯვებს, იმას ექნება მეტი ტვირთი, მაგრამ თვითონ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, რაც მეტი პორტი იქნება, მით უკეთესია", - მიიჩნევს ირაკლი თათეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პეის ჯგუფი ფოთის პორტში 8 ნავმისადგომსა და ტერმილანს ფლობს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 120 მლნ აშშ დოლარი ჯდება.

რაც შეეხება ფოთის პორტში APM Terminals-ის გეგმებს, 2020 წლის 11 თებერვალს APM-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით.

APM-ში აცხადებენ, რომ ისინი არსებული პორტის გაფართოებას და გაღმავებას გეგმავენ. კერძოდ კი, APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს. ეს ფოთის პორტის მიერ ანალოგიური ნებართვის მისაღებად შეტანილი უკვე მეორე განცხადებაა.