მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფოთის პორტში სრული განუკითხაობაა"-გადამზიდავების პრობლემები და პორტის მენეჯმენტის პასუხი

5ddd45ac10c3d
თამუნა ქემერტელიძე
26.11.19 19:42
7764
„ფოთის პორტში სრული განუკითხაობაა“, - ეს განცხადება bm.ge-ისთან სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა გააკეთა.

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე საკონტეინერო მანქანების გახსნა გვიანდება, რაც ხშირ შემთხვევაში, გადამზიდავების დაჯარიმების მიზეზიც ხდება.

“დღეს რომ შემოვა ფოთის პორტში კონტეინერი, ის სამი თვის შემდეგ იხსნება”, - აცხადებს ცაგარეშვილი.

პრობლემის დეტალებში გასარკვევად, Bm.ge ფოთის პორტსაც დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაცია არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბრობს და კონკრეტულ სტატისტიკას იშველიებს.
კერძოდ, მათი განმარტებით, მეორადი ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით წელს 42%-ით გაიზარდა. პორტის ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ ნავსადგურის ისტორიაში სწორედ 2019 წლის 3 თვე - იანვარი, ივნისი და აგვისტო იყო რეკორდული, ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების გადამუშავების მხრივ.

“საკონტეინერო ტერიტორიაზე ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა გაიზარდა 630-დან 1100-მდე, კონტეინერების დასაწყობების ადგილების შემცირების და მათი ძირითადი ადგილმდებარეობიდან სხვა სივრცეებში გადატანის ხარჯზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ადამიანური რესურსებით და ტექნიკით, ნავსადგურს შეუძლია ყოველდღიურად გახსნას ავტომანქანებით დატვირთული 100 კონტეინერი, რაც მომხმარებლებისთვის დაახლოებით, 400 ავტომანქანის მიღების შესაძლებლობას გულისხმობს, თუმცა ზემოაღნიშნულის განხორციელება პირდაპირ არის დამოკიდებული ავტოსადგომიდან მანქანების გაყვანის სისწრაფესა და რაოდენობაზე, რაც მიმდინარე მდგომარეობით, საშუალოდ დღეში 220 მანქანას შეადგენს.

ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობის ზრდა, სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორით, უმთავრესად კი, რეგიონის ბაზრების გააქტიურებით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დადებითი მოვლენაა. როგორც ჩვენს მომხმარებლებთან დიალოგის შედეგად გაირკვა, აღნიშნული მდგომარეობა დროებითია და 2019 წლის ბოლოსთვის ტვირთნაკადის შემცირებაა მოსალოდნელი.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაციას კარგად ესმის და სამართლიანად მიაჩნია ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე მანქანების გახსნის დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მომხმარებელთა უკმაყოფილება, რამდენადაც ეს ყველაფერი არ შეესაბამება მომსახურების იმ ხარისხსა და ტემპს, რაც ჩვენ ბაზარზე ბოლო პერიოდში დავამკვიდრეთ; მომხმარებლებს სრულიად ლოგიკურად აქვთ უკეთესი მომსახურების მოლოდინი კომპანიის მხრიდან, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. კომპანია არ იშურებს ძალისხმევას და მაქსიმალურად ცდილობს შექმნილი ვითარების შემსუბუქებას”, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.