18.ნოემბერი .2019 11:49

ფოთის თიზ-ს მართავს კომპანია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილია

views 552
უკან

ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში თიზ-ის შემოსავალი 3,467,000 ლარს შეადგენდა. შემოსავლის ეს ოდენობა 2017 წელთან მიმართებით 12.2%-ით არის გაზრდილი. 

მთლიანობაში, გასული წლის განმავლობაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წმინდა მოგებამ 448,000 ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, მოგების შემცირება ძირითადად სახელფასო და სხვა საოპერაციო ხარჯების ზრდას უკავშირდება.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის აქტივების ჯამური მოცულობა 12,325,000 ლარს შეადგენს. 

თიზ-ის მმართველობითი ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიის 75%-იან წილს ფლობს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy, რომელსაც 2018 წლის ივლისიდან წილის მართვა გადაცემული აქვს Euro-Asian Management Group-ისთვის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.

გასული წლის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა საქართველოს მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, სადაც მისმა ანაზღაურებამ 169,926 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.

ფოთის თიზი 2009 წელს, ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა. თიზის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო.

2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები სახელდებოდა. „რაკიამ“ ვერ შეასრულა თიზ-ის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზ-ის საკონტროლო პაკეტის 85% სახელმწიფოს გადასცა. 

2017 წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კომპანია China Energy Company Limited-ს (CEFC) გადაეცა. 

ზონის მფლობელი კომპანია ინვესტორებზე მიწას იჯარით გასცემს. კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ: იმპორტირებულ პროდუქტზე არ იხდიან მოგების, ქონების და საბაჟო გადასახადს. ისინი ასევე გათავისუფლებულები არიან დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ).

"დღეის მდგომარეობით, ფოთის თიზ-ში ფუნქციონირებს 116 ლიცენზიანტი კომპანია. თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიების უმრავლესობის (85%) საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, მათ შორის ფარმაცევტული, საბურავები, ავტომანქანის ნაწილები, მანქანა-დანადგარები, საკვები პროდუქტები, ტექსტილი, ქიმიური და სამშენებლო პროდუქციით ვაჭრობა (იმპორტი; დასაწყობება; რე-ექსპორტი/ექსპორტი)", - ნათქვამია ანგარიშგებაში. 

მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის 15%-იან წილს ფლობს რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო, 10% კი, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა