მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის ფასი 67 ლარამდე გაიზარდა – სუბსიდია საკმარისი აღარ არის: გაძვირდება თუ არა პური?

5ff973f35e7c5
ინგა მურუსიძე
09.01.21 17:30
10531
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრიდან 4 თვის განმავლობაში ქვეყანაში პურის ფქვილის ფასი სუბსიდირდება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 27 ნოემბერს თქვა, რომ პროგრამისთვის 10 მლნ ლარია გამოყოფილი და ერთი 50 კგ.-იანი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა - იმ დროს ფქვილის ფასი 62-63 ლარს შეადგენდა. სავარაუდოდ მთავრობას 10– ლარიანი სუბსიდიის გადახედვა მოუწევს, ვინაიდან მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, უკვე 20 დღეა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 67 ლარს შეადგენს.

სილაგავას თქმით, დიდი ალბათობით პურის გაძვირება არ მოხდება, მით უმეტეს ამ 4 თვის განმავლობაში, ვინაიდან ეს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა და სავარაუდოდ ან ფქვილის ფასის სუბსიდირების თანხის მომატება მოხდება 12-13 ლარამდე, ან მთავრობა გადაწყვეტს და სუბსიდია პურის ფასში აისახება.

სილაგავას თქმით, მწარმოებლებს ანალიზი გაკეთებული აქვთ და როგორც მთავრობა, ისე დარგის წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

„ამომავალი წერტილი არის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს - ეს არის ამ სუბსიდირების პროგრამის მიზანი. შესაძლოა სუბსიდირების თანხა გაიზარდოს, ან პირდაპირ პურის ფასში გადაიტანონ სუბსუდია. ყოველ შემთხვევაში გამოყოფილი ბიუჯეტი საკმარისია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არ შეიცვლება ბიუჯეტი და გაიზრდება დასუბსიდირებული თანხა, რომელიც შეიძლება ავიდეს 12-13 ლარზე, იმისთვის, რომ აზრი ჰქონდეს წისქვილკომბინატების მონაწილეობას ტენდერებში“, - აღნიშნა სილაგავამ.

რაც შეეხება პირობებს, თუ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის მომატება, ლევან სილაგავა 3 ფაქტორს ასახელებს:

"პირველი ფაქტორი არის ხორბლის ფასის მომატება. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი 15 თებერვლიდან ხორბალზე შეზღუდვებს აწესებს, ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა ხორბლის ფასი მსოფლიოში იმატებს და ასეა ჩვენთანაც.

მეორე – არის ლარის და დოლარის კურსის შეფარდების გაზრდა, რადგან სავალუტო ოპერაციებია ჩვენთან. ვყიდულობთ დოლარზე და ვყიდით ლარზე, შემდეგ ისევ ვყდულობთ დოლარს - ესეც ფქვილის ფასზე აისახება.

მესამე ფაქტორი არის კომუნალური გადასახადების ზრდა - ელექტროენერგიის და წყლის. დაანონსებულია, რომ გაზრდილი დენის ტაიფის 50%-ის სუბსიდირება მოხდება, თუმცა დოკუმენტურად ეს ჯერ მე არ მინახავს და არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც 5,5 თეთრით გადასახადის მომატება ფქვილის ფასს 1,20 ლარით გააძვირებს", - აღნიშნა სილაგავამ.

„სახელმწიფო ტენდერი ორ ეტაპად ჩატარდა. 1 თებერვლამდე აღებული პირობები შესრულდება, ხოლო დანარჩენს დაველოდებით. შემდეგ კვირაში ალბათ იქნება გადაწყვეტილებები, თუ რას იზამს მთავრობა. სუბსიდირება ნამდვილად არ გვიხარია, ნებისმიერი დარგის მსგავსად, გვირჩევნია თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვიმუშაოთ, თუმცა გვესმის, რომ პირი პირველადი, გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქტია და წესებს ვემორჩილებით“, - განაცხადა სილაგავამ.