მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის შემდეგ ხორბლის ფასის სუბსიდია - ვის და რატომ დაეხმარება მთავრობა?

5e9f108eb24c2
სალომე მეცხვარიშვილი
22.04.20 10:15
2669
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს. შედეგად კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ, ტომარა ფქვილს მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდიან. ასეთია პროგრამის პირობები, რომელიც 17 აპრილს გამოცხადდა.

სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების შეტანა 22 აპრილის 12:00 საათიდან დაიწყება და 24 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

ეს არის, ასე ვთქავთ, ინტერესთა გამოხატვა კომპანიებისთვის - ვინც საუკეთესო ფასს დადებს, გამარჯვებულიც ის იქნება და ის მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. სუბსიდია კი, ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ 40 დოლარი იქნება. შედეგად, დგინდება ზედა ზღვრული ტარიფი და გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, რომ ერთი ტომარა ფქვილი მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდოს ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს როგორც სუბსიდიის თანხის უკან დაბრუნება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, არანაკლებ 500 ათასი ლარისა.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო, ჯამში, 40 000 ტონა ხორბალს დაასუბსიდირებს, რაც საქართველოს ერთი თვის მარაგია. შესაბამისად, თანხა, რომელიც ხორბლის ფასის შენარჩუნებას მოხმარდება, მილიონ 600 ათასი დოლარია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ პროექტის მიზანია, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგები შექმნას და ამავდროულად შეინარჩუნოს პურის ფასი.

თუმცა, როგორც ცნობილია, არსებობს კიდევ ერთი პროგრამა, სადაც სახელმწიფო პირველადი მოხმარების 9 პროდუქტსაც ასუბსიდირებს, სადაც ასევე შედის ფქვილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობა კერძო სექტორს ლარის გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს უზღვევს და ლარის დოლართან მიმართებით ფიქსირებულ კურსს სთავაზობს ($1=3 ლარი).

რატომ გახდა საჭირო დამატებით ხორბლის იმპორტის დასუბსიდირებაც, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში ახალ პროგრამაზე განმარტებებს აკეთებენ.

"9 პროდუქტის ფასის სუბსიდირებაზე მთავრობამ გადაწყვეტილება ადრევე მიიღო. თუმცა, რეალურად პრობლემა აქაც წარმოიშვა, რადგან ქართველ იმპორტირებს თავად მიმწოდებლებმა გაუძვირეს ხორბალი. ამიტომ მხოლოდ კურსის ცვალებადობით გამოწვეული სუბსიდირება ვეღარ აკომპენსირებდა ამ სხვაობას, რომ იმპორტორებს გაეყიდათ ხორბალი, წისქვილს გადამუშავებინა და ბაზრისთვის მიწეოდებინა იმ ფასად, რომ შენარჩუნებულიყო პურის ღირებულება”, - აცხადებს გიორგი ჯიბლაძე.

მისი თქმით, კომპანიებს მხოლოდ ერთ პროგრამაში ექნებათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რათა ორმაგი სუბსიდირება გამოირიცხოს.

“მალე ხორბლის ახალი მოსავალი იქნება და ვფიქრობთ, ფასები ქვეყნებში, სადაც ხორბალი ბოლო პერიოდში სპეკულაციურად გაძვირდა, დარეგულირდება. მით უმეტეს, რომ წელს ყველა პროგნოზით ხორბლისთვის მოსავლიანი წელია. შესაბამისად, მოსავლის აღების შემდეგ აღარ გახდება ფასის სუბსიდია საჭირო”,- აცხადებს გიორგი ჯიბლაძე.